თბილისი, 21 ივნისი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფს უარი უთხრა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის თაობაზე სარეფერენდუმო საკითხის დარეგისტრირებაზე, ნათქვამია ცესკოს განკარგულებაში.
საინიციატივო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პოლიტიკური მოძრაობა „ერთობა, რაობა, იმედის“ ლიდერი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები სოსო მანჯავიძე და ზაზა გოგალაძე, ცესკოს სარეფერენდუმო საკითხის – „თანახმა ხართ თუ არა, რომ ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური აშენდეს საქართველოს მთავრობასა და კომპანია ENKA-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების თანახმად?“ – დარეგისტრირების განცხადებით მიმართეს.
ცესკოს განკარგულების თანახმად, რეგისტრაციაზე უარის მიზეზი საკითხის გაურკვეველი ფორმულირება გახდა.
გარდა ამისა, განკარგულებაში აღნიშნულია, რომ საკითხი, რომელიც ზღუდავს ქონების განკარგვის თავისუფლებას, საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
ცესკომ ასევე მიიჩნია, რომ რეფერენდუმის საკითხზე დადებითი პასუხი ზღუდავს მხარეთა შესაძლებლობას – გააუქმონ ხელშეკრულება ან შეცვალონ მისი პირობები, რაც მხარეთა ინტერესებს ეწინააღმდეგება.
საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.
„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". ამავე დროს, კაშხლისა და რაბის დახმარებით მოხდება წყლის დონის რეგულირება, რათა ხეობა არ დაიტბოროს.
პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია, რომელიც დაახლოებით შვიდი თვეა გრძელდება.