ერთი ყულაბის ამბავი, ანუ სად არის ჩვენი საპენსიო დანაზოგი?

რამდენი მოქალაქეა გაწევრიანებული დაგროვებით საპენსიო სისტემაში, რა თანხაა ფონდში, სად არის განთავსებული საპენსიო დანაზოგები, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით და რას ურჩევს ფინანსისტთა ერთი ნაწილი საპენსიო სააგენტოს?
Sputnik

სამსონ ხონელი

არახალია და თანაც არც მოულოდნელი, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში ხელისუფლების სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას მოსახლეობა გამორჩეულ ყურადღებას უთმობს. არც არის გასაკვირი – მოქალაქეთა კეთილდღეობა ხომ დიდწილად სწორედ ამ პოლიტიკაზე, მის პრიორიტეტულ მიმართულებებსა თუ ცალკეულ პროგრამებზეა დამოკიდებული. რა ბანალური მოსაზრებაა − ბრძანებს მკითხველი და მართალიც იქნება. მე კი დავძენ, რომ ჩვენს ქვეყანას თავისი ეკონომიკური განვითარების ხარისხით ეს „ბანალური“ სენტენცია განსაკუთრებით ეხება. რატომ? − არ გამიკვირდება, ჩამეძიოს მკთხველი. რა გაეწყობა, განვმარტავ: საქართველოში მოსახლეობის 19%-ზე მეტი, ანუ მეხუთედი საპენსიო პაკეტის მიმღებთა რიცხვშია, ხოლო ქვეყანაში მოქმედი საპენსიო სისტემა სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. ის ადრე თუ გვიან ყველა მოქალაქეს შეეხება. აქ იგულისხმება როგორც პენსიის მიმღები, ასევე საპენსიო ფონდში თანხის გადამრიცხველი მოქალაქეები. 

ეკონომიკა იზრდება, ლარი მყარდება... დაიკლებს თუ არა ფასები?

დრო სწრაფად გარბის. ფაქტია, უკვე მესამე წელია, რაც ქვეყანაში დაგროვებითი საპენსიო სისტემა მოქმედებს. არადა, მოსახლეობა თითქოს სულ ახლა იყო საპენსიო სისტემის რეფორმირების საკითხზე პოლიტიკურ და საფინანსო-ეკონომიკურ წრეებში გამართული მწვავე პოლემიკის მომსწრე. რეფორმის შედეგად შემოღებული დაგროვებითი საპენსიო სისტემის მოქმედების წამზომი 2019 წლის იანვრიდან ჩაირთო და მას შემდეგ საპენსიო სააგენტოს საქმიანობისადმი მედიის ინტერესი არ განელებულა.

რამდენი მოქალაქე გაწევრიანდა დაგროვებით საპენსიო სისტემაში და რა მოცულობის თანხაა აკუმულირებული ფონდში, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები და რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა დაგროვებითი საპენსიო სისტემით? ამ და სხვა ბევრ კითხვაზე საპასუხოდ საპენსიო სააგენტო ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს.

მიმდინარე წლის ივნისის შუა რიცხვების მდგომარეობით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 1 159 ათასი მონაწილეა რეგისტრირებული, საპენსიო ფონდის მოცულობა კი 1,51 მლრდ ლარია. მათ შორის საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი უკვე 166 მლნ ლარს შეადგენს. ბევრია ეს თუ ცოტა? იმედია, დამეთანხმებით, COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ღრმა ეკონომიკური კრიზისის გათვალისწინებით, რაც უკვე მეორე წელია გრძელდება, საპენსიო დანაზოგებზე დარიცხული სარგებლის ეს მოცულობა ურიგო მაჩვენებელი არ უნდა იყოს. დაგროვებითი პენსიით 873-მა ადამიანმა ისარგებლა. საგულისხმოა, რომ საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და საშუალოდ თვეში 10 ათას პირს შეადგენს. 

რამ უწამლა ლარს? ანუ რატომ მყარდება ეროვნული ვალუტა

საინტერესოა, სად არის განთავსებული ჩვენი საპენსიო დანაზოგები? კონკრეტულ კთხვას კონკრეტული პასუხი აქვს − საქართველოს კომერციულ საბანკო სექტორში. რა თქმა უნდა, თანხას წლიური სარგებელი ერიცხება. რამდენი? − ჩამეძიება ცნობისმოყვარე მკითხველი. წლიური ეფექტური 11%. აქვე  მეტი კონკრეტიკისთვის მოგახსენებთ, საპენსიო დანაზოგის 62% სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან ანგარიშებზეა განთავსებული. ბუნებრივია, საპენსიო თანხები ეროვნულ ვალუტაშია ინვესტირებული.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკას უწუნებს და უწყების შესაბამის სამსახურს გააქტიურებისკენ მოუწოდებს ფინანსისტი ლევან სურგულაძე. შეგახსენებთ, ის საპენსიო სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი იყო და ამ სამსახურს 2018 წლის სექტემბრიდან 2020 წლის იანვრამდე ედგა სათავეში. მისი თქმით, აუცილებელია დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შექმნა, რისთვისაც საპენსიო სააგენტოს შესაბამისი საკმარისი შესაძლებლობები გააჩნია.

„საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო მიმართულება სერიოზული გამოწვევაა. შევაგროვეთ ეს ფული, მაგრამ… საპენსიო სააგენტოს ორი მიზანი ჰქონდა: პირველი, საპენსიო ასაკში ადამიანების უზრუნველყოფა და, მეორე, კაპიტალის ბაზრის განვითარება. შესაბამისად, თუ ეს ფული ბანკში დავდეთ და ველოდეთ, ეს კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახური უნდა გააქტიურდეს. დროა დაიწყონ საინვესტიციო მოქმედებები. დივერსიფიცირებული პორტფელი უნდა შეიქმნას. რა თქმა უნდა, ბანკებშიც დატოვებს ნაწილს, ნაწილი სახაზინო ვალდებულებებში წავა, ნაწილი – ობლიგაციებში. ქვეყანაში არის ინსტრუმენტები და სააგენტომ ეს უნდა გააკეთოს. მიმაჩნია, რომ არანაირი ობიექტური ხელშემშლელი ფაქტორები ამ ეტაპზე არ არსებობს. ამის დაწყება გაცილებით ადრე შეეძლოთ“, − განაცხადა ლევან სურგულაძემ. 

ახდენილი ვარაუდი და დამძიმებული საკრედიტო ტვირთი...

ანალიტიკურ წრეებში არსებობს მოსაზრება, რომ მიზანშეწონილია საპენსიო დანაზოგების გარკვეული მოცულობის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირება. ეს დიდწილად ხელს შეუწყობს ამ კომპანიების ფინანსურ სტიმულირებას, ამ კომპანებში უცხოური კაპიტალის მოზიდვას და, ზოგადად, კაპიტალის ბაზრის განვითარებას. თუმცა, სწორედ ამ საკითხზე საპენსიო სააგენტომ დასკვნა გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ უწყება ამ ეტაპზე საპენსიო დანაზოგების სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებას არ გეგმავს. კი, მაგრამ, რატომ? – შესაძლოა ჩამეძიოს მკითხველი. პასუხიც არ დააყოვნებს. როგორც საპენსიო სააგენტოში აცხადებენ, ამჟამად ქვეყნის სახელმწიფო კომპანიებში, მათ შორის ენერგოსისტემასა და რკინიგზაში, ინვესტირება არ ღირს, რადგან ამ საწარმოებში არ არის საკმარისი ხარისხი.

„რთულია პროგნოზი, როდის მიაღწევენ ეს კომპანიები იმ ნიშნულს, რომ ღირდეს მათში ინვესტირება. ამ ეტაპზე ჩვენი ამოცანაა, რომ ინტენსიურად დაველაპარაკოთ ბიზნესს“, – აცხადებს საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე.

საგულისხმოა, საპენსიო სააგენტოს შეფასებას არ იზიარებენ ანალიტიკურ წრეებში, სადაც განმარტავენ, რომ სახელმწიფო კომპანიებისა და თავად სახელმწიფოს მიერ გამოშვებულ ევროობლიგაციებს უცხოური ინსტიტუციური და კერძო ინვესტორები იძენენ. ასე რომ, გაუგებარია, მაინც რა „საკმარის ხარისხზეა“ საუბარი, ან გააჩნიათ თუ არა ასეთი ხარისხის რაოდენობრივი საზომები? იმავდროულად, საპენსიო ფონდის მონაწილეთა საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ფონდის სახსრების დივერსიფიცირებული განთავსება. 

ფასები ისევ გარბის... ვინ და როგორ შეაჩერებს ინფლაციას?

ექსპერტ-ანალიტიკოსთა შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო საწარმოები ყოველწლიურად საკმაოდ დიდი მოცულობის ზარალზე გადიან, კერძოდ, 2019 წელს მათი ჯამური ზარალი 55 მილიონი ლარი, 2018 წელს კი 713 მილიონი ლარი იყო, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ მათ მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში ინვესტირება მიზანშეწონილი არ არის. მთავარია ამ ზარალის გამომწვევი მიზეზების სიღრმისეული ანალიზი. ზოგიერთ შემთხვევაში წაგება წმინდა ბუღალტრული ხასიათისაა და ის გამოწვეულია საწარმოს აქტივების ბუღალტრული ჩამოფასებით. მიზეზი ასევე შეიძლება იყოს ლარის კურსის გაუფასურებაც. თუ საწარმოს მნიშვნელოვანი ვალდებულებები სხვა მყარ ვალუტაში აქვს, ხოლო მისი საანგარიშგებო ვალუტა ლარია, მაშინ ზარალი, ბუნებრივია, შეიძლება ლარის სისუსტეს უკავშირდებოდეს. ზოგადად, უნდა შევხედოთ არა მხოლოდ მოგება/ზარალის მაჩვენებლებს, არამედ – რამდენად პროგნოზირებადი და, რაც მთავარია, ჯანმრთელია ამა თუ იმ კონკრეტული სახელმწიფო კომპანიის მომავალი ფულადი ნაკადები და საბალანსე უწყისი.

გაითვალისწინებს თუ არა საპენსიო სააგენტო ანალიტიკოსთა რეკომენდაცებს, ამას დრო გვიჩვენებს. ერთი კი ფაქტია, დაგროვებით საპენსიო სისტემაში ჩართული მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა დანტერესებულია, მისი დანაზოგი შესაძლო რისკებისგან მაქსიმალურად დაცული იყოს და, რაც მთავარია, პენსიაზე გასვლისას კუთვნილი თანხა უდანაკარგოდ მიიღოს...