თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ჩოგბურთის ვაჟთა ნაკრებმა კვიპროსზე დევისის თასის ტურნირზე მესამე მსოფლიო ჯგუფში ისლანდიის გუნდს ანგარიშით 3:0 მოუგო.
პირველები კორტებზე გავიდნენ ალექსანდრე ბაკში და დანიელ სიდალი. ქართველ ჩოგბურთელს მხოლოდ ერთი საათი დასჭირდა იმისათვის, რომ მეტოქე ორ სეტში ერთნაირი ანგარიშით 6:2 დაემარცხებინა.
საქართველოს ნაკრების უპირატესობა გააორმაგა ალექსანდრე მეტრეველმა, რომელმაც ასევე ორ პარტიაში სძლია ეგილ სიგურდსონს – 6:0, 6:3.
ჩვენს გუნდს გამარჯვების ქულა მოუტანა საბა ფურცელაძე/ზურა ტყემალაძის დუეტმა, რომელმაც ანტონ მაგნუსონ/დანიელ სიდალის წყვილს მოუგო - 6:3, 6:4.
მომდევნო მატჩს А ჯგუფში საქართველოს ნაკრები 18 ივნისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.
ტურნირში, რომელიც 19 ივნისამდე გასტანს, თავდაპირველად უნდა ეასპარეზათ რვა ნაკრებს, მაგრამ ლიხტენშტეინის უარის შემდეგ დარჩა შვიდი გუნდი: კვიპროსი, საქართველო, ისლანდია, ლუქსემბურგი, მალტა, მონაკო, ირლანდია.
გუნდები ორ ჯგუფად გაიყოფიან - ერთში იქნება ოთხი ნაკრები, მეორეში - სამი. თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გადის პლეი-ოფში მეორე მსოფლიო ჯგუფში თამაშის უფლების მოსაპოვებლად. პლეი-ოფის კიდევ ერთი მონაწილე გაირკვევა პირად დაპირისპირებაში იმ ნაკრებებს შორის, რომლებიც თავიანთ ჯგუფებში მეორე ადგილებზე გავლენ.