მოსაზრება: ახალი ანტირუსული მანიფესტი – ნატოს კომუნიკე

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ივნისის სამიტი სხვებისგან აბსოლუტურად გამოგონილი საფრთხეების კონფიგურაციით გამოირჩევა.
Sputnik

ნატოს შემაჯამებელი კომუნიკეს კოორდინატთა დამახინჯებულ სისტემაში მსოფლიოს მთავარ საფრთხედ რუსეთი დასახელდა (რაც პროგნოზირებადი იყო), მეორე ადგილზე დიდი სხვაობით აღმოჩნდნენ ჩრდილოეთ კორეა და ირანი, მშვიდობიანი ბელარუსი მესამე ადგილზე „დაინიშნა“, ჩინეთი კი მხოლოდ მეოთხე გამოდგა. ნატოსთვის არავის მიუნიჭებია თანაბარუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოების „ხარისხებად“ დაყოფის უფლება. მით უმეტეს არაადეკვატურად გამოიყურება ალიანსის „ბრალდებითი“ არგუმენტაცია, რომელიც პლანეტის მოსახლეობის მხოლოდ დაახლოებით ათი პროცენტის ინტერესებს წარმოადგენს.

ცალ-ცალკე შეუძლებელია: ნატო ჩინეთის მიმართ ერთიან პოზიციას გამოაცხადებს

ბრიუსელის 14 ივნისის სამიტის კომუნიკე არსობრივად ანტირუსული „მანიფესტია“ — სიტყვამრავალი, გიჟური და დსთ-ის ქვეყნებისა და ზოგადად კაცობრიობისთვის სახიფათო. „საბრალდებო დასკვნაში“ რუსულ საფრთხეს ათზე მეტი პუნქტი ეძღვნება, ხოლო ჩრდილოეთ კორეასა და ირანს — თითო-თითო, ჩინური საფრთხე ორ პუნქტშია მონიშნული. პარადოქსული დოკუმენტია.

ბოლო მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ალიანსი აქტიურად ბომბავდა ირანს, ავღანეთს, ლიბიას, იუგოსლავიას, სირიას და ნამდვილად არ აქვს ასეთი განცხადებების უფლება: „რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს წარმოადგენს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის“. კომუნიკეში ასევე აღნიშნულია, რომ ბლოკი უკვე 25 წელზე მეტია, რაც რუსეთთან პარტნიორობას აგებს და საერთაშორისო ვალდებულებებსაც ასრულებს, ხოლო რუსეთი „განაგრძობს ღირებულებების, პრინციპების, ნდობისა და ვალდებულებების დარღვევას“.

„პარტნიორებს“ რეალობაში დაბრუნება არ სურთ. აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ კიევში ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების, ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნებისა და 2014 წელს უელსში ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსმა შეაჩერა „რუსეთთან პრაქტიკულად ყოველგვარი სამოქალაქო და სამხედრო თანამშრომლობა“. ამასთან მოსკოვმა უნდა მოინანიოს და „საქმეების ჩვეულებრივ წარმოებას დაუბრუნდეს“. ანუ დაუბრუნოს „ოკუპირებული“ ტერიტორიები მათ მფლობელებს: ყირიმი — უკრაინას, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი — საქართველოს, დნესტრისპირეთი — მოლდოვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი იმუქრება, რომ „რეაგირებას მოახდენს უშიშროების სფეროში გაუარესებულ ვითარებაზე, მათ შორის ჩრდილოატლანტიკური კავშირის აღმოსავლეთ ნაწილში ალიანსის გაძლიერებული განთავსებით“.

„ვაჩვენებთ, ვინაა აქ მთავარი“: ნატოს უკრაინაში ჯარები გადაჰყავს

არგუმენტაცია დამახინჯებულ მსოფლმხედველობას ასახავს და გვაიძულებს გავიხსენოთ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის გამონათქვამი „ნატოს ტვინის სიკვდილის“ შესახებ. მშვიდობასა და უშიშროებაზე სიტყვებს ამოფარებული აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთთან ბრძოლისთვის ემზადებიან, რა დროსაც მეზობელი ქვეყნებისა და ხალხების ბედს უგულებელყოფენ.

უსაფუძვლო ბრალდებები

ალიანსს რუსეთის სამხედრო ძლიერების ზრდა აშფოთებს სხვადასხვა სფეროში: ახალი სამხედრო პოტენციალი, „პროვოკაციული საქმიანობა, მათ შორის ნატოს საზღვრებთან“, შეტყობინების გარეშე ჩატარებული ფართომასშტაბიანი მოულოდნელი სწავლებები, ყირიმში სამხედრო ძალის ზრდა, კალინინგრადის ოლქში ორმაგი დანიშნულების თანამედროვე რაკეტების განთავსება, ბელარუსთან სამხედრო ინტეგრაცია. აქ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ეს რუსეთი კი არ მიუახლოვდა ალიანსის საზღვრებს, არამედ ნატო გაფართოვდა რუსეთის საზღვრებამდე და უკვე დიდი ხანია, რაც დსთ-ის სივრცეზე ჰიბრიდულ ომებს იყენებს „ფერადი რევოლუციების“ ფორმატში. ნატო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არ არის. ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს რუსეთის უშიშროებისთვის. მოსკოვისა და მინსკის რეაქციები სრულიად კანონზომიერია. იქ არ დავიწყებიათ ალიანსის ევროპაში (იუგოსლავია), ახლო აღმოსავლეთსა (ერაყი, ავღანეთი, სირია) და აფრიკაში (ლიბია) გეოპოლიტიკური „კორექციები“ და არც ბევრი სხვა რამ.  

მოსაზრება: „ნატოს ხელი“ – რა ხდება რუსეთის საზღვრებთან

რეალური „სამხილების“ არარსებობის ფონზე ნატო რუსეთს მიაწერს: მოკავშირეების არჩევნებსა და დემოკრატიულ პროცესებში ჩარევის მცდელობებს, „ფართომასშტაბიან სადეზინფორმაციო კამპანიებს“, „რუსული სპეცსამსახურების უკანონო და დესტრუქციულ საქმიანობას“ ალიანსის ტერიტორიაზე, და მოუწოდებს რუსეთს, ამოიღოს ჩეხეთის რესპუბლიკა და შეერთებული შტატები „არამეგობრული ქვეყნების“ ჩამონათვალიდან.

რუსეთი „ნატოს იძულების“ მიზნით თითქოს თავისი ბირთვული არსენალის დივერსიფიკაციას ახდენს საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსების გზით. რისთვის იძულების? რას ნიშნავს ისეთი ფუჭი ფრაზები, როგორიცაა „სტრატეგიული დაშინების აგრესიული პოლიტიკა“, თუ ნატოს ამ ქვეყნებმა ახლახან რუსეთის კონკრეტულ შეთავაზებას დაუჭირეს მხარი ევროპაში საშუალო და მცირე სიშორის სარაკეტო კომპლექსების განთავსებაზე მორატორიუმის შესახებ?

„რუსეთი განაგრძობს აგრესიულ და უპასუხისმგებლო რიტორიკას ბირთვულ სფეროში, უთმობს რა ამასთან სულ უფრო მეტ ყურადღებას დესტაბილიზაციის გამომწვევ წვრთნებს“. უკაცრავად, მაგრამ სამხედრო სწავლებებს მსოფლიოს ყველა ქვეყანა ატარებს საკუთარ ტერიტორიაზე და მხოლოდ ნატოს წევრები ამუშავებენ მანევრების დიდ ნაწილს სხვების ტერიტორიებზე — აგრესიულად და უპასუხისმგებლოდ.

მოსაზრება: ვინ და რატომ ლაპარაკობს უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე

განა მოსკოვი ემუქრება ვინმეს ბირთვული იარაღის გამოყენებით, ან ღიად გადაჰყავს თავისი ჯარები ოკეანის გადაღმა მექსიკის ჩრდილოეთსა თუ კანადის სამხრეთში სამხედრო მანევრების ჩასატარებლად იმის ანალოგიურად, რასაც პენტაგონი აკეთებს ევროპაში? რუსული წვრთნები ზედმეტად მასშტაბურია? მაგრამ რუსეთის ტერიტორიას ხომ ანალოგი არ აქვს მსოფლიოში (აშშ-ის ტერიტორიაზე ორჯერ დიდია) და თავდაცვისუნარიანობის უზრუნველსაყოფად თანაბარზომიერი ინსტრუმენტები ესაჭიროება. აშკარაა, რომ რუსეთის დადანაშაულებას ყველა მომაკვდინებელ ცოდვაში ის მიზანი აქვს, რომ შეინიღბოს ან გამართლდეს აშშ-ისა და ნატოს რეალური სამზადისი რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

ალიანსის სამხედრო ინფრასტრუქტურისა და უცხოეთის ჯარების მზარდი განთავსება რუმინეთსა და ბალტიის ქვეყნებში — ეს მშვიდობიანი რეგიონებისა და ზღვების შეიარაღებული კონფლიქტის ზონად ქცევის მკაფიო მაგალითია.

მშვიდობიანი დსთ-ის დემონტაჟი

ნატოს კომუნიკეში ნათქვამია, რომ არსებულ ვითარებაში უკრაინაში მიმდინარე და ასევე მის გარშემო კონფლიქტი მათი დღის წესრიგის ნომერ პირველი თემაა. იქვე რუსეთის „დანაშაულების“ სიაც დაერთვის. მაგრამ რუსეთი არ მიიჩნევს თავს უკრაინაში მიმდინარე სამოქალაქო ომში კონფლიქტის მხარედ. თანაც, განა 2014 წლის უკრაინულ არჩევნებში აშშ-ისა და ევროკავშირის უხეში ჰიბრიდული ჩარევა არ იქცა დონბასში შეიარაღებული კონფლიქტისა და ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში დაბრუნების მიზეზად? ფაქტები შეიძლება არ აღიარო ან ახლებურად განმარტო, მაგრამ მათი შეცვლა შეუძლებელია.

მიმოხილვა: ვინ დასახელდა საფრთხედ „ნატო 2030“-ის სტრატეგიაში

ალიანსი კვლავ და კვლავ აცხადებს, რომ მხარს უჭერს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას „საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და მოუწოდებს რუსეთს, „გაიყვანოს ჯარები, რომლებიც მან სამივე ქვეყანაში მათი თანხმობის გარეშე განათავსა“.

კომუნიკეს კიდევ ერთი საყურადღებო პუნქტი ასეთია: „ნატოს წევრი ქვეყნები კვლავ ღრმად არიან შეშფოთებული ბელარუსში 2020 წლის აგვისტოდან განვითარებული მოვლენებით. რესპუბლიკის პოლიტიკასა და ქმედებებს შედეგები მოაქვს რეგიონული სტაბილურობისთვის“. ეს წარმოუდგენელი პოლიტიკური პირფერობის მაგალითია. რა დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებზეა საუბარი? ალიანსს რატომღაც არ აღელვებს „ყვითელი ჟილეტების“ უფრო მასშტაბური და ხანგრძლივი აქციები საფრანგეთში და არც კაპიტოლიუმის შტურმი, რის შემდეგაც 400 კაცი დააკავეს. რა, ეს სხვა რამეა?

ნატოს კომუნიკეს ვრცელი ტექსტი მის საიტზე სამ ენაზეა გამოქვეყნებული. მსურველებს მასში ბევრი შეუსაბამობის აღმოჩენა შეუძლიათ.

და, ბოლოს, თალიბებთან ოცწლიანი ომისა და აშშ-ისა და ნატოსთვის სამარცხვინო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ ტერორისტებთან, რა დროსაც ავღანეთიდან უცხოური ჯარები ფაქტობრივად გაიქცნენ, „პარტნიორებმა“ ესოდენ აქტიურად არ უნდა იქნიონ „ხელკეტი“ ევროპასა თუ არქტიკაში. ამას შეიძლება რიკოშეტი მოჰყვეს. თანასწორუფლებიან მხარეთა შორის მოლაპარაკებათა პროცესში გონივრული კომპრომისები და შემდგომი მშვიდობიანი თანაარსებობა შესაძლებელია.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს