თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ახალი ეროვნული სტრატეგია, 2021-2025 და 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა წარუდგინა პარლამენტს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და დაავადებათა პრევენციის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც გამყრელიძემ სტრატეგიული დოკუმენტი წარადგინა.
დოკუმენტი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ევროკავშირის ხელშეწყობით მომზადდა პროექტის „სოლიდარობა ჯანმრთელობისთვის“ ფარგლებში, რომელიც, საქართველოს გარდა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთ ქვეყნაში ხორციელდება.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, არაგადამდები დაავადებები ავადობის, შრომისუუნარობის და სიკვიდილიანობის მთავარი მიზეზია როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. ქვეყანაში საერთო ავადობის არანაკლებ ¾ და სიკვდილიანობის 94% არაგადამდებ დაავადებებზე მოდის.
ყველაზე გავრცელებული არაგადამდები დაავადებებია გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კიბო, შაქრიანი დიაბეტი და ქრონიკული რესპირატორული დაავადებები. რისკის ფაქტორებია თამბაქო, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, დაბალი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება.
დოკუმენტი აღწერს პრევენციის მექანიზმებს და მენეჯმენტის პრაქტიკას, განსაზღვრავს მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტებს, იძლევა რეკომენდაციებს და ინტერვენციებს, რომელიც ეფექტური და ხელმისაწვდომია ქვეყნისთვის.
სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობენ არაგადამდებ დაავადებათა მართვისა და პრევენციის სფეროში, ასევე პროფესიულმა ასოციაციებმა.