Enka: ნამახვანჰესის მშენებლობის გაჩერებას არ ვაპირებთ

ნატახტარში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებსა და მთავრობას შორის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელიც ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის მედიაციით იმართება.
Sputnik

თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. თურქული კომპანია Enka, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ახორციელებს, ჰესის მშენებლობის გაჩერებას არ აპირებს, კომპანიის განცხადება სოციალურ ქსელში გავრცელდა.

„სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია „ენკამ" ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის - „ნამახვანჰესის" გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხზე ევროკავშირის მედიაციით პირველი შეხვედრა დაიწყო

დღეს დილიდან ნატახტარში ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის წარმომადგენლების მონაწილეობით მიმდინარეობს შეხვედრა, რომელსაც ერთის მხრივ შვიდთვიანი საპროტესტო აქციების ორგანიზატორები, „რიონის ხეობის მცველები“, მთავრობის მხრიდან კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და გარემოს დაცვის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებიან.

კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ მზადა არიან პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი შვიდ თვეზე მეტია გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

ვფიქრობ, მივაღწევთ შეთანხმებას: თურნავა „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ კონფლიქტს ეხმაურება

შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება აღნიშნული ვადის შემცირების თაობაზე. 

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე, საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები. ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.