ეგორ ნიკიტინი
მარტო მიმდინარე წელს იქ შვიდი მრავალეროვნული სწავლება ჩატარდება 11 ათასი უცხოელი სამხედროს მონაწილეობით. მშვიდობიანი დროის საზომით ეს უპრეცედენტო აქტიურობაა. სააგენტო РИА Новости წერს, ვის აძლევს ეს ხელს და რით შეიძლება დასრულდეს ეს ყოველივე.
დაშლის საფრთხე
ერთობლივი მანევრები აშშ-თან (Rapid Trident 2021 და Sea Breeze 2021), დიდ ბრიტანეთთან (Kozak Mace 2021 და Warrior Watcher 2021), პოლონეთთან („სამი ხმალი 2021“ და Silver Saber 2021) და რუმინეთთან (Riverine 2021) − ექსპერტების აზრით, მოაწერა რა ხელი კანონს „სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე 2021 წელს დაშვების თაობაზე მრავალეროვნულ სწავლებებში მონაწილეობის მისაღებად“, ვლადიმირ ზელენსკიმ პანდორას ყუთი გახსნა. პერსპექტივაში ამან შესაძლოა სამწუხარო შედეგები მოუტანოს თავად უკრაინას.
„ნატოს ჯარების განთავსება უკრაინას სახელმწიფოს დაშლით ემუქრება, და ეს ყველაზე საშინელი სცენარია, − განაცხადა РИА Новости-სთან საუბრისას ექსპერტმა კონსტანტინ სოკოლოვმა. − ჩვენ ვიცით, რომ მომიჯნავე ქვეყნებს ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ კიევისადმი: პოლონეთსაც და უნგრეთსაც, რომელიც ნამდვილად დაუჭერს მხარს იმიერკარპატეთში მცხოვრებ თავის ეთნიკურ უმცირესობას. აშკარაა, რომ თუ დასავლეთი ამ კარტის გათამაშებას მოისურვებს, უკრაინის ტერიტორია ქაოსის წყაროდ გადაიქცევა, რაც მეზობელ რეგიონებზეც გავრცელდება, მათ შორის, რუსეთზეც“.
თუმცა, ბოლოდროინდელი მოვლენებითა და განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, კიევის ხელისუფლებას უბრალოდ დრო არ აქვს მსგავსი რისკების გასათვლელად − ისინი ძალიან არიან გატაცებული გამოგონილ რუსულ საფრთხესთან დაკავშირებული ისტერიის ხელოვნული დაძაბვით და ამ საბაბით ოკეანისგაღმელი მფარველებისთვის ახალი მოწყალების გამოთხოვნით. თუმცა უკრაინა და მისი ეროვნული ინტერესები მათ ბოლო რიგში აღელვებთ.
„ერთობლივი სწავლებები − ეს მხოლოდ დემონსტრაციაა იმისა, რომ უკრაინა თითქოს ჯერ არ დავიწყებიათ, − აცხადებს სოკოლოვი. − ეს მანევრები იქ დასავლეთისთვის ხელსაყრელი ხელისუფლების შენარჩუნებისთვისაა საჭირო. ეს უბრალოდ პუბლიკაზე თამაშია: აშკარაა, რომ არავინ აპირებს ამ ქვეყანასთან რაიმე თანამეგობრობის შექმნას. მაქსიმუმი, რაზე წასასვლელადაც არის მზად აშშ, ეს იქ სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა და, მანევრების მომიზეზებით, იარაღის, საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის შეტანაა. ასევე იმისთვის, რომ, ბატალიონ „აზოვის“ მსგავსად, არასახელმწიფო სტრუქტურების ბოევიკები მოამზადოს“.
აშშ-ის პარალელურად, სხვა ქვეყნებთან ერთად, ნატო უკრაინაში ბაზირების პუნქტების სისტემას აყალიბებს, რომელთა სრულფასოვან სამხედრო ბაზებად გარდაქმნა რთული საკითხი არ არის. ანტირუსული სამხედრო პოტენციალის ზრდა საზღვრების მახლობლად არ შეიძლება არ აშფოთებდეს მოსკოვს.
თვითგადარჩენის ინსტიქტი
РИА Новости-ს მიერ გამოკითხული ექსპერტები თანხმდებიან, რომ კიევს, დიდი ალბათობით, ჭკუა ეყოფა და საქმეს რუსეთთან პირდაპირ შეიარაღებულ კონფლიქტამდე არ მიიყვანს, რომლის შედეგიც არასპეციალისტისთვისაც კი აშკარაა.
„სამხედრო და ეკონომიკურ პოტენციალებს შორის მკვეთრი განსხვავებაა, − ამბობს სოკოლოვი. – უკრაინის შეიარაღებული ძალები უბრალოდ ვერაფრით მიაყენებენ რუსეთს საგრძნობ ზიანს. ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია შეიძლება იყოს, მაგრამ რეალურად, ვფიქრობ, დასავლეთის მიერ ნაყიდ ყველაზე პირწავარდნილ ნაციონალისტებსაც კი ამგვარ ნაბიჯზე წასვლამდე თვითგადარჩენის ინსტიქტი აუმუშავდებათ“.
რაც შეეხება ამერიკელებს, მათ მით უმეტეს არაფერში სჭირდებათ რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები − პენტაგონში შესანიშნავად ესმით, რომ პირდაპირი შეჭრა ბირთვულ სახელმწიფოში, ისეთი მოხერხებული პლაცდარმიდანაც კი, როგორიც უკრაინაა, მესამე მსოფლიო ომს გამოიწვევს, რომელსაც არც გამარჯვებული ეყოლება და არც დამარცხებული.
„ბაიდენი ამაზე ნამდვილად არ წავა, ყოველ შემთხვევაში, ხილულ პერსპექტივაში, − დარწმუნებულია სამხედრო მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი სერგეი სუდაკოვი. − აი, საკუთარ ინტერესებში უკრაინის გამოყენებას კი ამერიკელები ისევ განაგრძობენ. როდესაც ისინი ფულს დებენ რომელიმე ქვეყანაში და უკუქმედებას ვერ გრძნობენ, მაშინ მას ბოლო წვეთამდე წველიან. ვვარაუდობ, რომ ვაშინგტონი კონფრონტაციის პოლიტიკას შეინარჩუნებს, მაგრამ მეტზე არ წავა. სერიოზული გამწვავება ხომ ევროპასაც გადაუვლის, რომელიც უკვე აღარ არის ის, რაც ხუთი წლის წინ იყო. ჩვენ კი ასეთ სიტუაციაში უფრო ხისტად უნდა ვიმოქმედოთ: მინიმუმ მკვეთრად უნდა მოვნიშნოთ წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთაც არ შეიძლება“.
პოზიცია მოლაპარაკებებში
ევროპა მართლაც ის აღარ არის. ვარშავის ხელშეკრულების ბევრ ქვეყანაში და ბალტიისპირეთშიც კი მოსახლეობის დამოკიდებულება ჩვენ მიმართ თანდათან იცვლება − აშშ-ის წინაშე ქედმოდრეკილი ხელისუფლებების განცხადებების მიუხედავად, ხალხი სულ უფრო უხალისოდ ეთანხმება რუსეთის სახით მისთვის რეალური საფრთხის დანახვას. დრო მიდის, ისტერია მატულობს, ხოლო „საშინელი რუსული ტანკები“ კვლავ არ ჩქარობენ საზღვრის გადაკვეთას. ძველი ფირფიტა ისე აღარ მუშაობს. ეს ვაშინგტონშიც კარგად ესმით.
„პუტინისა და ბაიდენის მომავალი შეხვედრა იმ მიჯნის სიმბოლოა, რომელზეც შტატებმა, როგორც დასავლეთ სამყაროს ლიდერმა, გააცნობიერა: დროა, რომ პოლიტიკა რაღაც სახით შეიცვალოს, ვინაიდან იმ პოლიტიკამ, რომელიც ახლა წარმოებს, შედეგები ვერ მოიტანა, − განმარტავს პოლიტოლოგი. − აშკარაა, რომ ამერიკელები რუსეთთან ურთიერთობებში არსებულ მიზნებზე უარს არ იტყვიან, მაგრამ, სავარაუდოდ, თამაშს დაიწყებენ ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთქმედებებში ყველანაირი შემსუბუქების შემოთავაზებებით. ეს კი ევროპას თუნდაც მცირედ ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, რომელმაც ძალიან ბევრი დაკარგა რუსეთთან აშშ-ის მიერ თავსმოხვეული კონფრონტაციით. ვაშინგტონისთვის ახლა მნიშვნელოვანია, არ დაკარგოს მოკავშირეები ალიანსში, რომელიც უკვე ნაკერებში ირღვევა“.
ამ ვერსიას ნაწილობრივ ადასტურებს ნატოს გაზრდილი სამხედრო აქტიურობაც უკრაინაში − აშშ ტრადიციულად ამზადებს ძლიერ პოზიციას მოლაპარაკებებში, რათა წარმოაჩინოს, რომ აქვს უნარი, ნებისმიერ მომენტში გააღვივოს კონფლიქტი დონბასში და ამით მარტივად შეცვალოს ვითარება თავის სასარგებლოდ. უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური საკითხების ამგვარი მეთოდებით გადაჭრას ამერიკელებს ვერავინ ასწავლის.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს