ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ დღეს ათენში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენს ლელა საღარეიშვილს გაგაცნობთ.
Sputnik

„საბერძნეთში ბევრია ისეთი ისტორიული სპორტული ობიექტი, სადაც როცა გამოდიხარ, ისეთი შეგრძნება გიჩნდება, თითქოს ანტიკური ღმერთები გლოცავენ“ – ამბობს ქართველი სპორტსმენი-მორბენალი ლელა საღარეიშვილი, რომელიც დღეს, როგორც ლელა საგა, საბერძნეთის სახელით ასპარეზობს და საკმაოდ წარმატებულადაც. თუმცა, საკუთარ ფესვებსაც არ ივიწყებს. რამდენიმე წლის წინ მისმა უჩვეულო ქორწილმა ბერძენ სპორტსმენთან ხრისტოს კეხარგიასთან ბერძნული პრესა აალაპარაკა.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- ლელა, უკვე თორმეტი წელია, რაც საბერძნეთში ლელა საღას სახელით ასპარეზობთ, ამ ხნის მანძილზე როგორ შეიცვალა თქვენი სპორტული ცხოვრება?

- 2009 წლის აგვისტოში ათენში ჩამოვედი იმიტომ, რომ ჩემი დიდი მიზანი და ყველა ჩანაფიქრი რეალობად მექცია, და ასეც მოხდა. საქართველოში 100 და 200 მეტრის დისტანციაზე დავრბოდი. აქ ჩამოსვლის მერე გავზარდე მანძილი და ახლა 5, 10 და 21 კილომეტრს დავრბივარ. ბერძნებს აქვთ გამოთქმა, „როცა იზრდები, შენი სირბილის მანძილიც იზრდებაო“, და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- როდის დაიწყო თქვენი სპორტული მარათონი?

- სპორტით რომ დავკავდი, ხუთი წლის ვიყავი. სკოლაშიც ამ დროს შევედი და მის დამთავრებამდე სულ ვვარჯიშობდი. მახსოვს, მწვრთნელი ძალით მავარჯიშებდა ხოლმე. ვარჯიშის გამო გაკვეთილებიდან გამოვყავდი და ხანდახან ისე მეზარებოდა, რომ ვიმალებოდი კიდეც. ის კი მაინც მპოულობდა და დამატებით მავარჯიშებდა.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- სპორტული ნიჭი გენეტიკურად გამოგყვათ მამისგან და მამიდისგან, რომლებიც ასევე მძლეოსნები იყვნენ, მათ თუ სჯეროდათ თქვენი წარმატების?

- მართალია, სპორტული ნიჭი მამისა და მამიდისგან გამომყვა, ისინიც მძლეოსნები იყვნენ. მამას იგივე მწვრთნელი ჰყავდა, ვინც მე, აწ გარდაცვლილი ლერი ჩხენკელი. მე მან აღმომაჩინა და მერე მისმა ვაჟმა მამუკამ გააგრძელა მისი საქმე და ის მავარჯიშებდა. საქართველოში ყოფნისას, 11 წლის განმავლობაში მივდევდი სპორტს და შეჯიბრებებში ხშირად ვიმარჯვებდი.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- თქვენი მწვრთნელი როგორ გახსენდებათ?

- ლერი ჩხენკელზე ბევრი რამ მახსოვს... მახსენდება, სანამ ფინიშამდე მივიდოდით, ლერი საათით ხელში როგორ გველოდა და თავისებურად გვამხნევებდა: „მოდი, მოდი, მოდი!“ და ბოლოს – „დეგექცა ოჯახი!“ ამას ყველას გვეუბნებოდა, რაზეც ძალიან ვხალისობდით. მახსოვს, როგორ ცდილობდა, რომ წარმატებისთვის მიმეღწია და ამის გამო ძალიან ვემადლიერები. მართალია, საქართველოში ვერა, მაგრამ საბერძნეთში ხომ წარმატებით მივიწევ წინ...

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- ერთი პერიოდი საქართველოში სპორტს თავი დაანებეთ, რატომ?

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გავაგრძელე. იმ პერიოდში სპორტისთვის დრო აღარ მრჩებოდა, ვარჯიშს ვერ ვასწრებდი და ეს ძალიან მაკლდა ხოლმე. სულ ვფიქრობდი და საკუთარ თავს პირობას ვაძლევდი, რომ მძლეოსნობა ჩემთვის მხოლოდ წარსული არ იქნებოდა.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- როგორც ჩანს, ეს დანაპირები საკუთარ თავს შეუსრულეთ ათენში, სადაც მწვერვალების დასაპყრობად ჩახვედით...

- საბერძნეთში დიდი ტრადიციების მქონე სპორტულ კლუბ „პანელინიოში“ მოვხვდი. ამ კლუბმა ბევრი სახელოვანი ბერძენი მძლეოსანი აღზარდა. ერთ დღესაც ბერძნებმა მათი სახელით გამოსვლა შემომთავაზეს და მომზადება დავიწყე. 2016 წელს ნემეის თამაშებზე პირველი ადგილი დავიკავე. საერთოდ, ჩემთვის ყველა გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ვიცი, რომ პირველ რიგში ამ გამარჯვებისთვის ვშრომობ, ამიტომ რაც უნდა დაღლილი ვიყო, ვარჯიშს არასოდეს ვაცდენ.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- პირადი ბედნიერებაც ელადის მიწაზე გეწვიათ, როგორია თქვენი სიყვარულის ისტორია?

- მე და ხრისტომ, რომელიც ბერძენი სპორტსმენია, ერთმანეთი შეჯიბრებაზე გავიცანით. ის ყოველთვის პირველ ადგილზე გადიოდა ხოლმე და მისი დაჯილდოების შემდეგ იყო ჩემი დაჯილდოება. ჩვენ ოთხი წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ეს ნაცნობობა მხოლოდ „გამარჯობით“ შემოიფარგლებოდა. ერთ-ერთ შეჯიბრებაზე დამელაპარაკა, გამამხნევა, მითხრა – ბრავო, პირველ ადგილზე ხარ და არ დანებდე! აი, იმის შემდეგ გავაგრძელეთ საუბარი, შემდეგ კი ურთიერთობა, რაც ლამაზი ოჯახით დაგვირგვინდა.

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- მინდა გაიხსენოთ თქვენი ქორწილი–მარათონი, რომელზეც სტუმრებს შორის თავისებური შეჯიბრება გაიმართა...

- როდესაც ჩვენს ქორწილს ვაანონსებდით, ჩვენზე ბერძნულმა მედიამ სტატიები დაწერა და რადიოში მიგვიწვიეს. მე და ხრისტომ საბერძნეთში გადავიხადეთ უჩვეულო ქორწილი – 1st wedding run, რომელზეც დაპატიჟებულმა სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს სირბილში იმპროვიზებულ შეჯიბრებაში. შემდეგ ეკლესიაში ჩვენს ჯვრისწერას დაესწრნენ. ქორწილის შუალედში გვქონდა დაჯილდოება – თასები და მედლები გადავეცით მათ, ვინც ირბინა და გაიმარჯვა. ამის მერე ცეკვა და მხიარულება დილამდე გაგრძელდა. მოწვეული გვყავდა ქართველი მოცეკვავეები, რომელთა ცეკვის გამო ბერძნებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს. ასეთმა უჩვეულო ქორწილმა ყველა გააოცა და გაახალისა. მას დღემდე იხსენებენ ხოლმე...

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- შეიძლება ითქვას, რომ ქორწილზე დაწყებული „სასიყვარულო მარათონი“ დღემდე გრძელდება, როგორ ცხოვრობს თქვენი ქართულ–ბერძნული ოჯახი?

- დღეს ჩვენ ცხოვრებაში სპორტის გარდა ოჯახის ინტერესებიც გაჩნდა: ვზრდით ორ პატარას – სამი წლის მელანას და წლინახევრის იოანეს. სანამ ფეხმძიმედ ვიყავი, ვცდილობდი, რომ ფორმაში ვყოფილიყავი. შვიდი თვის ფეხმძიმეც კი დავრბოდი ხოლმე. მშობიარობიდან 40 დღეში ისევ დავიწყე ვარჯიში. ხარების დღესასწაულზე 10 კმ დისტანციაზე ვირბინე და მესამე ადგილი დავიკავე. ყოველთვის მჯეროდა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში საჭირო იყო ფორმის აღდგენა, რათა პირველობა შეინარჩუნო. აქ შემომთავაზეს, რომ მწვრთნელი გავხდე და მანდილოსნები ვავარჯიშო. ალბათ სექტემბერიდან ჩავუდგები ამ საქმეს სათავეში. დღეს თითქმის ყოველ კვირას ვმონაწილეობ შეჯიბრებებში. მეუღლე ძალიან მეხმარება და იმედიანად ვარ განწყობილი. ღმერთის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება...

ქართველი სპორტსმენის წარმატება საბერძნეთში და ქორწილი, როგორც „სიყვარულის მარათონი“

- ბერძნულ საკვებს როგორ მიეჩვიეთ? ვიცი, რომ მაკარონი არ გიყვართ...

- ბერძნული კულინარია ძალიან კარგად ავითვისე და ბერძნულ კერძებს უკვე ვამზადებ. რაც შეეხება მაკარონს, ისევ არ მიყვარს, მაგრამ ჩვენთვის, სპორტსმენებისთვის აუცილებელია, რომ შეჯიბრების წინა დღეს მივირთვათ, მით უმეტეს თუ დიდი მანძილი გვაქვს სარბენი. ამიტომ სხვა გზა არ არის, შევეჩვიე...

- დღეს როგორ ფიქრობთ, საქართველოში დაბრუნდებით თუ საბერძნეთია ის ქვეყანა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე გინდათ, რომ იცხოვროთ?

- მიუხედავად ამდენი წელი აქ ცხოვრებისა, ჩემი პიროვნება არ შეცვლილა, ალბათ ისეთივე დავრჩი, როგორიც მშობლებმა გამზარდეს. საქართველო მიყვარს, რადგან იქ დავიბადე და გავიზარდე, ის ჩემი და ყველა ქართველის სამშობლოა, რომელიც ყოველთვის ჩემს გულში იქნება. დაბრუნებით, არა მგონია, რომ დავბრუნდე... დღეს საბერძნეთი ჩემი მეორე სამშობლოა, რადგან მან საკუთარი შვილივით მიმიღო და შემიყვარა, მან დამარწმუნა იმაში, რომ ცხოვრებაში მთავარია მიზნისკენ სვლა და დიდი მოთმინება მანამდე, სანამ ყველა ჩანაფიქრი არ ასრულდება...