ლიეტუვას პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

პროგრამაშია შეხვედრა ადგილობრივ ლიეტუვურ სათვისტომოსთან და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა და პირველი ლედი დიანა ნაუსედენე საქართველოს 10 ივნისს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევიან. იუწყება ლიეტუვას პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ვიზიტის მიზანია - სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი, რეფორმების განხორციელებისა და დემოკრატიის გაძლიერებისადმი სწრაფვაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვიზიტის ფარგლებში ლიეტუვას პრეზიდენტი შეხვდება ქართველ კოლეგას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას.

საქართველო ლიეტუვისგან საჩუქრად 15 ათას დოზა ვაქცინას მიიღებს

პროგრამაშია ასევე შეხვედრა ადგილობრივ ლიეტუვურ სათვისტომოსთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან.

ეს პრეზიდენტ ნაუსედას პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში.

საქართველოსა და ლიეტუვას შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1994 წლის 16 სექტემბერს დამყარდა. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სფეროებში.

2018 წლის მაისში ქართულში ოფიციალურად დამკვიდრდა ლიტვის ახალი სახელწოდება - ლიეტუვა. საქართველოს სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი საპასუხო ჟესტი იმაზე, რომ 3 მაისს ლიტვურ ენაში დამკვიდრდა ჩვენი სახელმწიფოს ავთენტური სახელწოდება - საქართველო (Sakartvelo). ამგვარად, ლიტვა გახდა პირველი ქვეყანა, რომელიც იყენებს სახელწოდებას „საქართველო“.