თბილისი და ბაქო სარკინიგზო კავშირის აღდგენაზე მსჯელობენ

საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო შეჩერებულია
Sputnik

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. თბილისი-ბაქო-თბილისის მარშრუტით სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა მას შემდეგ აღდგება, რაც აზერბაიჯანთან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება, აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სარკინიგზო ორგანიზაციების წარმომადგენლები უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოსაგვარებლად. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო შეწყდა.

სარკინიგზო მიმოსვლა თბილისი–ერევანი 15 ივნისიდან აღდგება: მატარებელი ყოველდღე ივლის

„აზერბაიჯანთან მიმდინარეობს მუშაობა სახმელეთო საზღვრის კვეთის დროს მათი მოქალაქეების შემოშვებაზე, რომლებიც ტურისტულად იქნებიან საქართველოში და შემდეგ დაბრუნდებიან აზერბაიჯანში, მიღების წესების გამარტივებაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს გადაწყვეტილებაც არ დააყოვნებს და გვექნება შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, ტურისტებს საქართველოში“, – განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

აზერბაიჯანის მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 1 აგვისტომდე გაახანგრძლივა აკრძალვა ქვეყანაში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა შესვლაზე, გამონაკლისს ტვირთების გადაზიდვები წარმოადგენს.

Sputnik-აზერბაიჯანის ინფორმაციით, ბაქომ სახმელეთო საზღვარი 15 ივნისს შეიძლება გახსნას. მის გადაკვეთას შეძლებენ COVID-პასპორტის მქონე პირები, ასევე უარყოფითი PCR-ტესტის მფლობელი პირები. თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტს ჯერ არ მიუღია.

საქართველომ სახმელეთო საზღვარი მეზობლებთან - რუსეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან - 1 ივნისიდან გახსნა. სახმელეთო საზღვარი 2020 წლის მარტიდან იყო დაკეტილი.

პრემიერ-მინისტრი BP-ს რეგიონულ დირექტორს შეხვდა

სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა ნებადართულია ვაქცინაციის სრული კურსის დამადასტურებელი საბუთის და/ან ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული უარყოფითი PCR-ტესტის წარდგენის შემთხვევაში. ქვეყანაში შემოსული პირი ვალდებულია, მესამე დღეს გაიკეთოს განმეორებითი PCR-ტესტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვიზიტორებს მოუწოდებს, საზღვრის გადაკვეთისას იქონიონ სამედიცინო დაზღვევა, რომელიც COVID-19-ის მკურნალობის ხარჯს ანაზღაურებს. საქართველოს მთავრობამ შეადგინა იმ ქვეყნების სია, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში ვაქცინაციის გარეშე ჩამოსვლა შეუძლიათ. ამ შემთხვევაში უცხოელს მოუწევს განმეორებითი ტესტირების გაკეთება შემოსვლიდან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით.