ქართული კენკრის ექსპორტი აქტიურად ვითარდება

კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 6 ივნისი – Sputnik. საქართველოდან ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ბოლო დროს მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მაღალმოსავლიანი კულტურების მოყვანას. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხელისუფლება აქტიურად უწყობს ხელს ფერმერებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის მოცვი მოჰყავთ. ამ კულტურის პლანტაციები რამდენიმე ასეულ ჰექტარზე გაშენებულია იმერეთში, სამეგრელოში, აჭარასა და გურიაში.

საქართველოს მთავრობა ხეხილის ბაღების გაშენებას მთელი ქვეყნის მასშტაბით დააფინანსებს

„კენკროვანი კულტურები, კერძოდ კი ლურჯი მოცვი, ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარულია და აქტიურად გადის ექსპორტზე. გასულ წელს, მეხილეობის მიმართულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოდან ექსპორტის ზრდაში. ლურჯი მოცვის ექსპორტის მაჩვენებელმა სამ მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. ეს იქნება ყოველწლიურად მზარდი რიცხვი, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულ უფრო მეტი ახალი პლანტაცია შედის მსხომიარობაში“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა, გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი სახოკიასთან ერთად, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ნაგომრის აგროსახლი“ მოცვის პლანტაცია დაათვალიერა.

სახელმწიფოს მხარდაჭერით კოოპერატივმა, რომელიც 5 წევრს აერთიანებს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში 2,5 ჰექტარზე მოცვის ბაღი გააშენა.

ახალი პლანტაციის გაშენებისათვის ინვესტიციამ 150 ათას ლარზე მეტი შეადგინა, მათ შორის, 100 ათას ლარზე მეტი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო 35 ათასი ლარი პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში მიღებული თანადაფინანსება. 

რუსეთის ფაქტორი საქართველოს საგარეო ვაჭრობაში

მოცვის ბაღში სეზონურად 30 ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზება როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე იგეგმება.

პროექტი „დანერგე მომავალი“, რომელიც 2015 წლიდან ხორციელდება, სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ შემადგენელი ნაწილია და სახელმწიფოს მხრიდან ხეხილის ბაღების განახლება-გაშენებისთვის ფერმერების მიერ ნერგების შეძენის დაფინანსებას ითვალისწინებს.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გურიის რეგიონში 450 ჰექტრამდე ფართობზე ახალი ბაღია გაშენებული, მათ შორის, 276 ჰექტარზე მოცვის პლანტაციებია. სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება ჯამში 6 მლნ ლარს აღემატება.