მიტროპოლიტი ნიკოლოზი: შევთანხმდით, ნინოწმინდის პანსიონში ბავშვებთან სოცმუშაკები დარჩებიან

დღეს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში  შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის დეპუტატები, საეკლესიო პირები და სოციალური მუშაკები ესწრებოდნენ.
Sputnik

თბილისი, 5 ივნისი  – Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკების ნაწილი დღის განმავლობაში იმუშავებს, ნაწილი კი ღამით დარჩება, განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი).

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონს შესაძლოა ლიცენზია შეუჩერდეს

ნინოწმინდის პანსიონში ირგვლივ ბოლო დროს სკანდალი აგორდა. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის აღმაშფოთებელი ფაქტები ფიქსირდება და აღმზრდელები სხვადასხვა დამსჯელობით მეთოდებს მიმართავენ, მაგალითად, ბავშვებს აიძულებენ მუხლებით იხოხონ, არ აძლევენ საკვებს და სხვ.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი საქართველოს საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.

„შეთანხმება შედგა. შევთანხმდით, რომ სოციალური მუშაკები დარჩებიან და გვექნება კომუნიკაცია ყველას ერთმანეთთან. ეს მუშაობა ბავშვებთან გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამ დროისთვის ადგილზე იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლები. როგორც სააგენტოს პროფესიული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა, ელენე მარტაშვილმა განაცხადა, სოცმუშაკები ადგილზე რჩებიან და ვითარებას დეტალურად სწავლობენ.

„შედგება თითოეული ბავშვის შეფასება და შემდგომ დაიგეგმება ერთობლივი სამოქმედო გეგმა. სოციალური მუშაკები სხვა დამხმარე სპეციალისტებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითოეული ბავშვის უფლება იყოს დაცული“, – აღნიშნა მარტაშვილმა.

ნინოწმინდის პანსიონს არასრულწლოვნები ტოვებენ – საქმეში ბავშვთა ზრუნვის სამსახური ჩაერთო

გარდა ამისა, გუშინ ნინოწმინდაში ჩავიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები. როგორც დეპუტატმა და განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დაწესებულება მზად არის, სრულად ითანამშრომლოს სოციალურ მუშაკებთან.

რაც შეეხება სახალხო დამცველს, რომელიც პანსიონში შესვლას ითხოვს, ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება მისი ჩართვა აღნიშნული მოვლენების შესწავლაში.

აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ გაერო შეშფოთებულია ნინოწმინდაში შექმნილი სიტუაციით.

„ჩვენი პოზიციაა, რომ სახალხო დამცველი უნდა იყოს დაშვებული ამ ინსტიტუტში, მათ უნდა ჰქონდეთ ბავშვებთან დაკავშირებით სიტუაციის შემოწმების საშუალება და ბავშვებს უნდა ჰქონდეთ წვდომა ძირითად უფლებებთან და ჯანდაცვასთან“, - განაცხადა ანა ჩერნოშოვამ.
სერგეენკო: ნინოწმინდის პანსიონში ვითარება აქამდე არ უნდა მისულიყო

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში შესაძლო ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 3 ივნისს დაიწყო. უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი. შსს აქტიურად თანამშრომლობს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ან ორსულის მიმართ, ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ, არაერთგზის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება).