23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

რუბრიკა „ქართველები უცხოეთში“ ამჯერად ამერიკაში მცხოვრებ წარმატებულ ქართველს გიორგი გოგიძეს გაგაცნობთ.
Sputnik

ამ ადამიანის ცხოვრების მაგალითზე კიდევ ერთხელ რწმუნდები – ოცნებები იმისთვისაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ახდეს. ამერიკული ოცნებით ჯერ კიდევ ბავშვობაში „მოიწამლა“. თბილისში სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა, შემდეგ იყო საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი. ახალ ქვეყანაში დასამკვიდრებლად გადაწყვიტა, რომ აშშ-ის სამართლებრივი სისტემა და კანონმდებლობა შეესწავლა, ამისთვის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა.

მისი ამერიკული წარმატებების სტარტი 23 წლიდან დაიწყო და დღეს ამ ასაკში ამერიკის ცნობილი სადაზღვევო კომპანიის გენერალური მენეჯერია. წინ ფართო ასპარეზია და ოცნება, რომელიც ამჯერად თავის ქვეყანას უკავშირდება. სამომავლოდ ფიქრობს, რომ ინვესტიცია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ბავშვების განათლებაში ჩადოს. იმედია, ამ დასახულ მიზანსაც მიაღწევს...

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- გიორგი, გაიხსენეთ, როცა წარმატებას მიაღწიეთ, ვის გინდოდათ, რომ საქართველოში პირველს გაეგო ეს ამბავი?

- რადგანაც ოჯახი ამერიკაში მყავს, მათ შემდეგ მინდოდა, რომ საქართველოში ბებია და ბაბუა გამეხარებინა, რომლებმაც ჩემ აღზრდაში დიდი წვლილი შეიტანეს.

- თქვენზე ამბობენ, ძალიან ადრე მიაღწია წარმატებასო, როგორ თვლით, ადრეა 23 წელი ასეთი წარმატებისთვის?

- ამერიკა შესაძლებლობების ქვეყანაა, რომელმაც ასაკი არ იცის. თუ ადამიანი შრომასა და ნებისყოფას ჩადებს, დღესა და ღამეს გაასწორებს იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს, აუცილებლად მიაღწევს საწადელ შედეგს, რადგან ეს ქვეყანა ადამიანის მონდომებას უყურადღებოდ არასდროს ტოვებს. მინდა, რომ თქვენს მკითხველსაც ავუხსნა ორი სიტყვით, თუ რომელ კომპანიაში ვმუშაობ. ესაა ამერიკის სიცოცხლის სადაზღვევო კომპანია (American Income Life), რომელიც Forbes-ის ჟურნალში ყოველწლიურად იკავებს ადგილს, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია. 2020 წლის ბოლო მეოთხედში აქ საუკეთესო აგენტის ტიტული მოვიპოვე. კომპანიის გენერალური მენეჯერის პოზიციაზე კი ექვსი თვის განმავლობაში დავწინაურდი.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ თქვენ ხართ ამერიკაში მცხოვრები ცნობილი მომღერლის გოგიტა გოგიძის ვაჟი, რა როლი აქვს მამას თქვენს გამარჯვებაში?

- გოგიტას ჩემს ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი უკავია. ის ნამდვილი მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრო პატიოსნად და ღირსეულად, რათა ადამიანების პატივისცემა და აღიარება დაიმსახურო. ის დიდი ავტორიტეტით სარგებლობს საზოგადოებაში თავისი პიროვნული თვისებებითა და საქმიანობით. რა თქმა უნდა, მისი მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, თუმცა პირადად მე არ მიყვარს ხოლმე ამით თავის გამოჩენა. ყოველთვის იმის მომხრე ვარ, რომ ცხოვრების გზა ყველა ადამიანმა თავისით, დამოუკიდებლად უნდა გაიკვალოს.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამერიკული ოცნების მიღწევაში თქვენთვის ერთგვარი სტიმული იყო ოჯახი, რომელიც იქაა დაფუძნებული?

- ოჯახის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს და, ცხადია, სტიმულიც იყო. მიუხედავად ამისა, ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც პროფესიონალიზმი და საქმის შესრულების ხარისხია მაინც ყველაზე მთავარი. შესაბამისად, ამ ყველაფერში ინვესტირებული დრო, განათლება და შრომა წარმატების ყველაზე დიდი განმაპირობებელი ფაქტორია.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- თბილისში რომელი სკოლა დაამთავრეთ?

- თბილისის 24-საჯარო სკოლა დავამთავრე ოქროს მედალზე. ყველა მასწავლებელმა განურჩევლად დიდი როლი ითამაშა ჩემი პიროვნული განვითარებისთვის. ისეთი თბილი, მყუდრო და მეგობრული გარემო, რომელიც ამ სკოლაში სუფევდა, დღეს ძალიან იშვიათია. მინდა თითოეულ მასწავლებელს აქედან ჩემი ღრმა პატივისცემა და მოკითხვა შევუთვალო.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- საქართველოში, სადაც სადაზღვევო სისტემის არანაირი ტრადიცია და, ამდენად, ჯერჯერობით ნაკლები ნდობაა, რითი დაიწყებდით საქმიანობას, პირველად რა ნაბიჯს გადადგამდით?

- დიახ, ასეა – საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის კულტურა ნაკლებადაა. ამერიკაში ეს საუკუნეებს ითვლის: ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მეზღვაურებს აზღვევდნენ, რათა მათი გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახის წევრებს ფინანსური ტრაგედია აეცილებინათ თავიდან. საქართველოში ამის დანერგვის ეტაპობრივი გეგმა და სტრატეგიაა შესამუშავებელი. პირველ რიგში საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით დავიწყებდი.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- ამერიკა თქვენი ოცნების ახდენის ქვეყანაა. საქართველო?

- საქართველო ჩემი საოცნებო ქვეყანაა, ოღონდ გაბრწყინებული საქართველო, გაერთიანებული იბერია თავისი ძლიერი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემებით. მიმაჩნია, რომ ამ ასაკში, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩემს ქვეყანას ამერიკიდან უფრო დავეხმარები.

23 წლის ასაკში ახდენილი ამერიკული ოცნება და საქართველო, როგორც საოცნებო ქვეყანა

- საინტერესოა, 30 წლის მერე როგორ და სად წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

- რთულია განსაზღვრო – რა და როგორ იქნება 30 წლის მერე, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით ვიცი: ჩემი მიზანია ამერიკაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება სამშობლოს მოვახმარო და საკუთარი მოკრძალებული წვლილი შევიტანო ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მოქალაქემ და მამულიშვილმა.

- რადგან სიცოცხლეს აზღვევთ, ამ გადასახედიდან ალბათ უკვე იცით რა არის მთავარი?

- სიცოცხლეში მთავარი სიყვარული, სიკეთის კეთება და ადამიანების დახმარების სურვილია. ჩემი საქმიანობაც ამას ემსახურება და ეს გზაც სწორედ ამიტომ ავირჩიე...