თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას განსაკუთრებით აშფოთებს დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის ოთხი სახესხვაობა, რომლებიც სხვებზე სწრაფად ვრცელდება, განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა მარია ვან კერკჰოვემ ბრიფინგზე.
მან განსაკუთრებულად გამოყო ვიეტნამში აღმოჩენილი მუტაცია, რომელიც, მისი თქმით, უკვე კარგადაა ცნობილი ჯანმოს სპეციალისტებისთვის.
კერკჰოვემ აღნიშნა, რომ ვიეტნამში გამოვლენილი შტამი გამუდმებით იცვლება და მისი ევოლუცია, სავარაუდოდ, კვლავაც გაგრძელდება.
„საერთო ჯამში არსებობს ვირუსის ოთხი ვარიანტი, რომლებიც ჩვენ განსაკუთრებით გვაშფოთებს. თუმცა ამ ვერსიების წინააღმდეგ კარგად მუშაობს ინფექციის გავრცელების აღმკვეთი ზომები“, — განაცხადა ჯანმოს წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ კერკჰოვემ ბრიფინგზე არ ისაუბრა კორონავირუსის სამ სხვა სახიფათო სახესხვაობაზე.
მანამდე ვიეტნამში განაცხადეს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა, რომელიც ბრიტანული და ინდური შტამების შეერთების შედეგად წარმოიშვა. ინფექციის ახალმა სახესხვაობამ ვიეტნამის ზოგ პროვინციაში კორონავირუსული დაავადების აფეთქება გამოიწვია.