აუცილებლად შევთანხმდებით - თურნავა ნამახვანჰესთან დაკავშირებულ კონფლიქტზე საუბრობს

ხელისუფლებამ აქციის მონაწილეებს ევროპელი ექსპერტებისა და შუამავლების მონაწილეობით მოლაპარაკებებისთვის რამდენიმე პლატფორმა შესთავაზა, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 1 ივნისი - Sputnik. საქართველოს მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ერთი და იგივე მიზნები ამოძრავებთ და ამიტომ აუცილებლად შეთანხმდებიან, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ პროტესტი 218 დღეა გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვანია, მის წინააღმდეგ პროტესტი სულ უფრო მძაფრდება. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემა.

აქვს თუ არა კავშირი გიორგი გახარიას ნამახვანჰესის ხელშეკრულებასთან

მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე საქართველოს მთავრობამ 24 აპრილს „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე ერთწლიანი მორატორიუმი გამოაცხადა. კაშხლის მშენებლობის პროექტს ხელახლა შეისწავლიან სპეციალისტები. ხელისუფლება ირწმუნება, რომ კაშხალი მანამ არ აშენდება, სანამ ხელახლა არ დამტკიცდება ეკოლოგიური, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევები.

ამასთან მორატორიუმი არ ეხება სხვა სამშენებლო სამუშაოებს რიონის ხეობაში.

„აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროექტს, აქვთ გულწრფელი კითხვები და არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ამასთან, ჩვენც, მთავრობა მოწადინებული ვართ, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, შესრულდეს ეს პროექტი კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით. ვინაიდან, ორივე მხრიდან ამოცანა ერთია – ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ლომინაძე: კომპანია ENKA რიონის ხეობაში სამშენებლო სამუშაოებს არ აწარმოებს

თურნავამ ისაუბრა რამდენიმე პლატფორმაზე, რომელიც ხელისუფლებამ პროტესტის მონაწილეებს შესთავაზა. ერთ-ერთი გულისხმობს ექსპერტების ჩართვას მშენებლობის პროექტის განხილვაში.

„ესაა გახსნილი პლატფორმა იმისთვის, რომ ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე – 12 თვის განმავლობაში არ აშენდება ძირითადი ნაგებობა და ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კიდევ ერთი პლატფორმაა - ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს ჩართვა კონფლიქტის დასრულებაში.

ასევე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი უცხოური იურიდიული კომპანიის შესარჩევად, რომელიც „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას შეისწავლის.

ხანგრძლივი დაპირისპირება

ხელისუფლების ყველა წინადადების მიუხედავად, ჰესის მოწინააღმდეგეები აგრძელებენ პროტესტებს და ამტკიცებენ, რომ თურქული კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ჩუმად ახორციელებს.

„რიონის ხეობის მცველებმა" ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები გამართეს საქართველოს დედაქალაქშიც, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე 23 მაისს დაიწყო და 26 მაისს დასრულდა. აქციაზე მთავრობის მისამართით რიგი მოთხოვნები წამოაყენეს და ხელისუფლებას მათ შესასრულებლად ერთდღიანი ვადა მისცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებმა ქალაქის პარალიზება დააანონსეს. მოთხოვნები არ შესრულდა და აქციის მონაწილეებმაც 24 და 25 მაისს თბილისის ცენტრალური ქუჩები რამდენიმე საათით გადაკეტეს.

მათ შორის წყლის ჭავლი – რას ჰპირდება გომელაური „რიონის ხეობის მცველებს“

შემდეგ აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ და პროტესტი იქ გააგრძელეს, რათა კომპანია ENKA-ს სამშენებლო სამუშაოების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. სოფელ გუმათის მიმდებარე ტერიტორიაზე მათ დახვდათ მობილიზებული საპოლიციო ძალები და რკინის კონსტრუქციები, რომლებიც მომიტინგეებს სოფელ ნამოხვანისკენ და სამშენებლო სამუშაოების ჩატარების ადგილისკენ გზას უღობავს.

დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციის რამდენიმე მონაწილემ რკინის ბარიკადების გარღვევა და სოფელ ნამოხვანისკენ წასვლა სცადა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანა. რამდენიმე ხნის შემდეგ ისინი გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ მომიტინგეებმა რკინის ჯებირებზე მუშტებით ბრახუნი დაიწყეს. ხმაურიანი პროტესტის ეს ფორმა თითქმის ერთი კვირა გრძელდება.

გარდა ამისა, „რიონის ხეობის მცველები“ გზას უღობავენ კომპანია ENKA-ს მანქანებს და მათ სამშენებლო მოედანზე არ უშვებენ. მომიტინგეების თქმით, კომპანიის მუშები ნამოხვანში პოლიციის მანქანებით გადაჰყავთ.

აქციების ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი გააგრძელებენ რკინის ჯებირის გარღვევის მცდელობებს და ხმაურის აქციებს და ამით სამართალდამცველებსა და კომპანიის თანამშრომლებზე მორალურ ზეწოლას მანამ განახორციელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

პროტესტი გუმათში: რიონის ხეობის მცველი მაკა სულაძე პოლიციის მხარეს იმყოფება

აქციის მონაწილეები არ იშლებიან და რჩებიან კარვებში, რომლებიც სამ ლოკაციაზეა გაშლილი: რკინის ჯებირებთან, გუმათში ENKA-ს ოფისთან, ასევე სოფელ ტვიშში.

საქართველოს მთავრობამ „ნამახვანჰესის" პროექტის შემუშავების, მშენებლობის, მფლობელობისა და მისი კასკადის ექსპლუატაციის უფლება 2019 წელს ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებარე კომპანიად თურქული Enka მოიწვია. საინჟინრო ნაგებობა ერთბაშად ორი მუნიციპალიტეტის – ცაგერისა და წყალტუბოს ტერიტორიებს დაიკავებს.

„ნამახვანჰესი" კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. „ნამახვანჰესის" კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი" და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი". 

პროექტის განხორციელებამ საქართველოს ყოველწლიურად მოხმარებული ელექტროენერგიის 15% უნდა მოუტანოს. კასკადის მშენებლობაში 830 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.