თბილისი, 31 მაისი – Sputnik. საქართველოში 1 ივნისიდან ძალაში შედის ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც საცალო ვაჭრობის პუნქტებში ახორციელებენ სურსათის წარმოება-გადამუშავებას, ეკისრებათ ვალდებულება, საქმიანობა HACCP-ს პრინციპების შესაბამისად განახორციელონ, იუწყება სურსათის ეროვნული სააგენტო.
HACCP – საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მართვის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციასა და აღმოფხვრას გულისხმობს. მას ნერგავს და მართავს თავად ბიზნეს-ოპერატორი.
სისტემა 7 ძირითად პრინციპს ეფუძნება. ესენია: საფრთხის ანალიზი; კრიტიკული საკონტროლო წერტილების დადგენა; კრიტიკული ზღვრების დადგენა; მონიტორინგის პროცედურები; მაკორექტირებელი ქმედებები; გადამოწმება; ჩანაწერების წარმოება.
„საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის (HACCP) დანერგვა სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტიანი საშუალებაა, რომლითაც შესაძლებელია ბიზნეს-ოპერატორებმა თავიდან აიცილონ პოტენციური საფრთხეები“, – მიაჩნიათ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
ევროკავშირის რეგულაციების შესაბამისად, კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემა სხვადასხვა პროფილის ბიზნეს-ოპერატორებმა ეტაპობრივად უნდა დანერგონ. ამას ითვალისწინებს ასევე საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტების - სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა და სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის გამარტივებული წესის დამტკიცების თაობაზე“.
HACCP-ს სისტემის პრინციპების დაცვა მიმდინარე წლის 1 იანვრიდან სავალდებულოა ბიზნეს-ოპერატორებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას (ხორცი და ხორცის პროდუქტები, რძის ფხვნილზე დამზადებული სურსათი, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი და კვერცხის პროდუქტები, თაფლი).
2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული რეგულაცია სავალდებულოა ნედლი რძის გადამამუშავებელ საწარმოებსა და სასაკლაოებში. 2018 წლიდან კი სისტემის დანერგვის ვალდებულება დაეკისრათ იმ ბიზნეს-ოპერატორებს, რომლებიც ექსპორტისთვის განკუთვნილ გადამუშავებული თხილის გულს ამზადებენ.
კანონმდებლობასთან შესაბამისობის კონტროლს სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის პრინციპები ჯერ კიდევ 1970 წელს აშშ-ში შემუშავდა და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ეფექტურ საშუალებად მიიჩნევა.