არ უნდა ვიცხოვროთ ერთსართულიან სახლში ცათამბჯენების ეპოქაში - გახარიამ პარტია წარადგინა

პრეზენტაციას ესწრებოდა დაახლოებით 400 ადამიანი, მათ შორის იყვნენ როგორც ყოფილი პრემიერის უკვე ცნობილი თანამოაზრეები, ისე საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.
Sputnik

თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საზოგადოებას წარუდგინა თავისი პარტია „საქართველოსთვის“.

პრეზენტაციას ესწრებოდა დაახლოებით 400 ადამიანი. მათ შორის იყვნენ ყოფილი პრემიერის უკვე ცნობილი თანამოაზრეები, მათ შორის ფეხბურთელები შოთა და აჩი არველაძეები. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად გიორგი გახარია აირჩიეს.

გახარიამ პრემიერის პოსტიდან გადადგომის რეალური მიზეზი დაასახელა

„დღეს ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის! ვერთიანდებით საქართველოსთვის, მაგრამ არავის წინააღმდეგ. დღეს ჩვენი გუნდი იწყებს პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩართვას საქართველოსთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ – არავის წინააღმდეგ“, - განაცხადა გახარიამ.

მისი თქმით, ქვეყანას სჭირდება გუნდი, რომელსაც შეუძლია სიმართლეს გაუსწოროს თვალი, უთხრას სიმართლე მოქალაქეებს ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევების შესახებ და შესთავაზოს „სამართლიანი წესრიგი“.

„სამართლიანი წესრიგი არის ის სივრცე, რომელშიც ჩვენ შეგვეძლება, ყველას ერთად ჩვენი შესაძლებლობების შესაბამისად ვემსახუროთ ჩვენს სამშობლოს და რაც მთავარია, ვემსახუროთ სახელმწიფოს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, სიმართლის ძალა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ არ უნდა ვიცხოვროთ ილუზიაში“, – განაცხადა გახარიამ.

ამასთან ექს-პრემიერმა გახარიამ აღნიშნა, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება არ უნდა ანგრევდეს წინამორბედის მიერ დატოვებულ ზედნაშენს, არამედ უნდა აშენებდეს „კიდევ ერთ სართულს“, რათა „არ მოგვიწიოს ერთსართულიან სახლში ცხოვრება ცათამბჯენების ეპოქაში“.

„ჩვენ ვერთიანდებით სიმართლისთვის და მოქმედებისთვის. სიმართლე და ქმედება, ქმედება და სიმართლე – ეს იქნება პოლიტიკური გაერთიანების „საქართველოსთვის“ ძირითადი ლოზუნგი“, – განაცხადა გახარიამ და აღნიშნა, რომ პარტიის მთავარი ამოცანა იქნება საზოგადოების ჩართულობა ძლიერი სახელმწიფოს განვითარებაში.

ყოფილმა პრემიერმა ასევე აქცენტი გააკეთა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განვითარებასა და საზოგადოების თანასწორობაზე.

მისი თქმით, ქვეყანაში, რომელშიც დემოკრატია შენდება, ვერ იარსებებს პრივილეგირებული კლასები.

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ბრძოლა კორუფციასა და ნეპოტიზმთან.

ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა გახარიას პარტიის პრეზენტაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

„არ მოვიყვან კონკრეტულ მაგალითებს, თუმცა ამის შესაძლებლობა მაქვს“, - აღნიშნა მან.

გახარიამ ასევე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში წარადგენს პარტიის პროგრამას, რომელიც ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიას და უსაფრთხოებას ეფუძნება.

პრეზენტაციის პარალელურად საგამოფენო ცენტრთან ახალგაზრდული ორგანიზაცია „შეცვალეს“ საპროტესტო აქცია იმართებოდა. „შეცვალეს“ წარმომადგენლები ყოფილ პრემიერს ადანაშაულებენ პოლიციის მიერ ძალის გადამეტებაში 2019 წლის 21 ივნისის ღამეს მიტინგის დაშლისას, რა დროსაც 240 ადამიანი დაშავდა.

აქციის მონაწილეებმა სცადეს შეჭრა იმ ტერიტორიაზე, სადაც პრეზენტაცია იმართებოდა, მაგრამ კომპლექსის დაცვამ მათ ხელი შეუშალა.