თბილისი, 27 მაისი – Sputnik. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კიშინიოვიდან მრავალჯერადი ჩარტერული რეისები შესრულდება, ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მიმართულებით ჩარტერულ რეისებს მოლდოვური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FLYONE შეასრულებს.
სააგენტოს განცხადებით, სეზონური ფრენები კიშინიოვიდან ბათუმის მიმართულებით მიმდინარე წლის 4 ივნისიდან განხორციელდება. ჩარტერული ავიარეისები 1 ოქტომბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და პარასკევს (გაფრენა შაბათობით) შესრულდება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებს და განრიგებს.
ავიაკომპანია FLYONE მსოფლიოს საავიაციო ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. კომპანია ჩარტერულ რეისებს კიშინიოვის საერთაშორისო აეროპორტიდან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებიოთ ახორციელებს.