ნათია თურნავა: უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა
Sputnik

თბილისი, 25 მაისი - Sputnik. დღეის მონაცემებით, ზაფხულის პერიოდისთვის მთავრობას 350-ზე მეტი ყოველკვირეული ფრენის განაცხადი აქვს. განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათაშორისი საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა PCR-ტესტის უარყოფითი პასუხით

„ძალიან სწრაფად მატულობს ავიაკომპანიების რაოდენობა, რომლებიც ზრდიან ყოველკვირეული ფრენების სიხშირეს, ან ბაზარზე ახალი ავიაკომპანიები შემოდიან. ეს ეხება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ისე ბათუმისა და ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტებს“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, 2019 წელს, როდესაც იყო ტურისტების რეკორდული რაოდენობა, ზაფხულის პიკის სეზონზე კვირაში დაახლოებით 800 ფრენა სრულდებოდა.

„შეგვიძლია მოლოდინი გვქონდეს, რომ აღდგება ფრენების დაახლოებით 50%, რომლებიც მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს, ასევე ტურისტების ჩამოყვანას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, მთლიანობაში უკვე 50-ზე მეტი ქვეყნისთვის არის გახსნილი საქართველოს საზღვარი. მისი თქმით,  47 ქვეყანა იყო აქამდე და ახლა ემატება კონკრეტული ჩამონათვალი.

რას ელოდება საქართველო სახმელეთო საზღვრის გახსნის შემდეგ – თურნავას პროგნოზი

„სულ 55 ქვეყნამდე იქნება, საიდანაც ჩვენ უარყოფითი PCR-ტესტით ვუშვებთ ვიზიტორებს საჰაერო, და ახლა უკვე სახმელეთო საზღვრებზეც. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნიდან ვუშვებთ სრული ვაქცინაციის კურსჩატარებულ ვიზიტორებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული დინამიკა იმის პროგნოზის საფუძველს იძლევა, რომ ტურიზმი წელს აღდგება იმაზე გაცილებით სწრაფად, ვიდრე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსერვატიული მოლოდინები იყო წლის დასაწყისში.

მინისტრის განცხადებით, ეს, პირველ რიგში, ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება.

„ტურიზმი თავისთავად არის დიდი დარგი – 8% ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის - 2019 წლის ჩათვლით ასეთი სტატისტიკა იყო. მაგრამ ის ასევეა დარგი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ეფექტი სხვა მოსაზღვრე დარგებისთვის. ანუ, ტურიზმი ამუშავებს როგორც ვაჭრობას, ასევე ტრანსპორტის სექტორს, სოფლის მეურნეობას, წარმოებას და მოლოდინი გვაქვს, რომ წელს ეს დინამიკა ძალიან დადებითი იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველო სახმელეთო საზღვრებს ხსნის

დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი ივნისიდან სახმელეთო საზღვარი გაიხსნება და საზღვრის კვეთა შესაძლებელი იქნება სრული ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტით ან ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხით. ამ შემთხვევაში პირები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, ვალდებულნი იქნებიან მომდევნო 72 საათის განმავლობაში განმეორებით ჩაიტარონ PCR ტესტი.

ორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ საზღვრები ყველა ქვეყანასთან 2020 წლის 20 მარტიდან ჩაკეტა და გააუქმა რეგულარული ავიარეისები ზოგიერთი გამონაკლისის გარდა. კერძოდ, საზღვრის გადმოკვეთა ნებადართული იყო საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებოდნენ და ასევე ტვირთის სატრანზიტო გადამზიდავებისთვის.