თბილისი, 21 მაისი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ შიდა კვლევებს ატარებს და არკვევს – პარტიაში ვინ ემხრობა პარლამენტში შესვლის იდეას და ვინ წინააღმდეგია, განაცხადა ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებული პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა TV Pirveli-ს ეთერში.
დღეისათვის „ნაციონალური მოძრაობა“ ერთ-ერთია იმ პარტიებიდან, რომლებიც კომპრომისულ შეთანხმებაზე ხელმოწერასა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ. „ნაცმოძრაობას“ 33 მანდატი ეკუთვნის – ყველაზე მეტი პარლამენტში შესულ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის.
„ახლა სამი ვარიანტია: პირველი – პარლამენტში შესვლა, მეორე – არშესვლა, თუმცა ამას თავისი მინუსები აქვს, რადგანაც ჩვენ პარლამენტის ტრიბუნას და საარჩევნო კომისიებში ადგილებს ვკარგავთ. და მესამე ვარიანტი – პარლამენტში შესვლა მხოლოდ ორი საკითხის გადასაჭრელად: ამნისტიის შესახებ კანონის მიღება და საარჩევნო სისტემაში ცვლილებების შეტანა“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და პარტიის ამომრჩევლებს შორის პარლამენტში შესვლა–არშესვლასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობის გამო კვლევის ჩატარების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
„კვლევის შედეგები უახლოეს დღეებში – სამშაბათს ან ოთხშაბათს იქნება ცნობილი“, – განაცხადა ოქრიაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ წევრების ნაწილი შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში შესვლას ემხრობა. მეორე ნაწილი ამ მოსაზრების წინააღმდეგია, რამდენადაც მიიჩნევს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და პარლამენტი არალეგიტიმურია.