თბილისი, 19 მაისი - Sputnik. დღეიდან ვებ-გვერდზე Provax.ge ვაქცინაციისთვის განკუთვნილი თავისუფალი ადგილების რაოდენობის ნახვაა შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური ავრცელებს.
ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაცია მოქალაქეებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
საქართველოს მთავრობამ სპეციალური ვებ-გვერდი Provax.ge ვაქცინაციის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით შექმნა.
ვებ-გვერდიდან დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ მიიღონ პასუხები ვაქცინაციის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვებზე:
• რატომ უნდა ჩაიტარონ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;
• როგორ უნდა დარწმუნდნენ ვაქცინის უსაფრთხოებაში;
• რა შემთხვევაში არ შეიძლება ვაქცინაციის ჩატარება;
• როგორია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინების ეფექტიანობა;
• უნდა აიცრან თუ არა ბავშვები და ორსულები;
• საჭიროა თუ არა სპეციალური მომზადება ვაქცინაციის პროცესისთვის.
ასევე ვებ-გვერდზე შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესის შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება, განთავსებულია შემეცნებითი ვიდეორგოლები და საქართველოში COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.