ელჩი: გერმანიაში დასაქმებული ქართველების პრობლემები მოგვარდება

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიაში დასაქმების სპეციალური პროგრამით წასული საქართველოს მოქალაქეები გაუსაძლის სოციალურ პირობებში იმყოფებიან.
Sputnik

თბილისი, 19 მაისი - Sputnik. გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეების სამუშაო პირობები გამოსწორდება, განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა.

საქართველოს პროფკავშირის გაერთიანებამ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებისთვის წასული საქართველოს მოქალაქეები მძიმე პირობებში მუშაობენ და არ იღებენ დაპირებულ ხელფასს.

ელჩის მტკიცებით, სხვადასხვა უწყების ჩარევით, საქართველოს მოქალაქეებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა შესრულდება, მათ შორის ქართველები მინიმალურ ხელფასს 9.5 ევროს საათში მიიღებენ და შესაფერისი საცხოვრებელი პირობებიც ექნებათ.

„პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა.
გერმანიაში სამუშაოდ წასული საქართველოს მოქალაქეების პრობლემები უკვე გვარდება

დღესვე დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა განაცხადა, რომ გერმანიაში საქართველოდან სამუშაოდ წასული მოქალაქეების პრობლემების გადაჭრა უკვე დაიწყო. მისი თქმით, სააგენტო კომუნიკაციაშია გერმანიის ფედერალურ დასაქმების სააგენტოსთან, მათ თავის მხრივ პროცესში ჩართეს შესაბამისი გერმანული სახელმწიფო უწყებები იმისათვის, რომ დამსაქმებლებს დაეწყოთ აღებული ვალდებულებების შესრულება.

საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონისა და საკმარისი სამუშაო ადგილების არარსებობის გამო საკუთარი მოქალაქეების სხვადასხვა ქვეყნებში სამუშაოდ ლეგალური გამგზავრების გადაწყვეტილება მიმდინარე წლის მარტში მიიღო. დღეისთვის საქართველოს მოქალაქეებს ლეგალური დასაქმება შეუძლიათ გერმანიასა და ისრაელში. წლის ბოლომდე კი ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც სეზონურ სამუშაოზე დასაქმება იქნება შესაძლებელი, საფრანგეთიც დაემატება.

დასაქმების მსურველთა პირველი ნაკადი გერმანიაში აპრილის შუა რიცხვებში გაემგზავრა.

3 ევრო საათში – გერმანიაში სამუშაოდ წასული ქართველები გაუსაძლის პირობებში იმყოფებიან

დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოსა და გერმანიის ფედერალური დასაქმების სააგენტოს (BA) შორის 2020 წლის 17 იანვარს დაიდო შეთანხმება „გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში სეზონურ სამუშაოზე ქართული სამუშაო ძალის დასაქმების შესახებ“, რითაც საფუძველი ჩაეყარა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების ლეგალური დასაქმების პროექტს. საუბარია ერთიდან სამ თვემდე პერიოდში სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა სეზონურ სამუშაოზე. სამუშაო პერიოდი კვირაში 5-6 დღეა, დრო კი 8–10 საათი დღეში. მინიმალური ხელფასი ერთ საათში 9,5 ევროა, რომელსაც გამოაკლდება გადასახადების, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები.