კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

„ამ პროფესიაში არ არსებობს რეცეპტები, ამიტომაც ვთვლი, რომ მასწავლებლობა ყველაზე მაგარი პროფესიაა“. დღეს გაგაცნობთ ამ სიტყვების ავტორს, საქართველოში ერთ-ერთი ძველი ტრადიციების მქონე პატარძეულის სკოლის დირექტორს ნინო ბურდიაშვილს.
Sputnik

ეს სკოლა წლებია ინარჩუნებს თავის სახეს, სიახლეებს არ უშინდება და, ამდენად, წარმატებებსაც მუდმივად აღწევს. ეს კი, კვალიფიციურ პედაგოგებთან და მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ახლანდელი დირექტორის დამსახურებაცაა...

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- ქალბატონო ნინო, რადგან ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, მინდა გაიხსენოთ თქვენი ბავშვობა და სკოლის პერიოდი...

- სწორედ წარსული განსაზღვრავს სამომავლოდ გადადგმულ ნაბიჯებს, ყოველ შემთხვევაში ისინი უხილავი ძაფებითაა ერთმანეთზე მიბმული. ჩემი ადრეული ბავშვობა შილდის პირველ საშუალო სკოლას უკავშირდება. შილდა - ჩემი დედულეთია, სწორედ ამ სოფელთანაა დაკავშირებული ჩემი პირველი სასკოლო ნაბიჯები, დღემდე სუნთქვა მეკვრის იმ წლების გახსენებაზე. დაწყებითი კლასები სწორედ ამ ტრადიციულ სკოლაში დავამთავრე.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- ვინ იყო მასწავლებელი, ვინც თავი ყველაზე მეტად დაგამახსოვრათ?

- ეს იყო ჩემი პირველი მასწავლებელი გიული იორამიშვილი – არაჩვეულებრივად აქტიური და იმ პერიოდშიც კი კრეატიული. შემდგომი წლები ჩემს უსაყვარლეს პატარძეულს უკავშირდება. ეს ორი სოფელი ერთმანეთს დღემდე ეჯიბრება ჩემს ემოციებში, თან ორივე პირველია, პატარძეულის სკოლა იქცა ჩემს ალმა მატერად, გააზრებული ცხოვრების ქვაკუთხედად, საძირკვლის ჩამყრელად. დღესაც აქტიურად შრომობენ ამ სკოლაში ჩემი აღმზრდელი პედაგოგები. მათ შორის ერთი ძალიან გამორჩეული და ძვირფასი, კობა ბილანიშვილი ჩემი მოადგილეა. თავისი საქმის მეტრი და არაჩვეულებრივი ადამიანი. მინდა გავიხსენო ქართულის მასწავლებელი, აწ გარდაცვლილი თამარ ხუროშვილი, რომელმაც ლომის წვლილი შეიტანა ჩემ ჩამოყალიბებაში.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- თქვენი პოეტური ნიჭიც მან ხომ არ აღმოაჩინა?

- დიახ, პირველმა სწორედ მან აღმოაჩინა ჩემში რაღაც უცხო, პოეტური, რომანტიკული და მაიძულა კალამი არ გამეგდო ხელიდან. ეს რაც შეხება ჩემს შემოქმედებით გარიჟრაჟებს. აქვე ვიტყოდი, რომ ეს იყო უდიდესი პედაგოგი, რომლის მხრებზეც თაობები იდგა პატარძეულში. ეს იყო მასწავლებელი, რომელიც ლამის საუკუნით უსწრებდა რეფორმებს, თავად იყო ქარიშხლიანი ცვლილებების დიდოსტატი. არც ერთი მისი გაკვეთილი ერთმანეთს არ ჰგავდა. მადლობა უფალს, რომ ასეთი პედაგოგების ხელში აღვიზარდე...

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- მაშინ თქვენი პროფესიული არჩევანი არ არის გასაკვირი...

- მანამდეც, ბავშვობაშიც, სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი თანატოლებთან. მე სულ პედაგოგი ვიყავი და გაკვეთილებს „ვატარებდი“. თუმცა ხშირად მიოცნებია სხვა პროფესიებზეც, თქვენ წარმოიდგინეთ, კოსმონავტობაზეც ვოცნებობდი. უფრო დიდხანს კი იურისტობაზე ვფიქრობდი. თუმცა სასკოლო პერიოდის ბოლო წლებში უკვე მყარად  ვიცოდი სად იყო ჩემი ადგილი. ყოველთვის მხიბლავდა ენები, ფილოლოგია. გენეტიკურ ფაქტორსაც ვერ გამოვრიცხავ, რადგან დედაც პედაგოგია. სკოლის მერე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნე–ფილოლოგი გახლავართ, სემიტოლოგი.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- სად ჩაატარეთ ცხოვრებაში პირველი გაკვეთილი და როგორ იხსენებთ მას?

- რა დამავიწყებს პირველ გაკვეთილს. მის გახსენებაზე დღემდე მაჟრიალებს. ეს იყო თბილისის 57-ე სკოლაში, მერვე კლასთან. მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი. არ მავიწყდება ამ სკოლაში როგორ შეგვხვდნენ ახალგაზრდებს, საოცარი ნდობით. იმ დროს აკაკი წერეთელს გადიოდნენ. წინა ღამე გავათენე, ყველაფერი დავგეგმე გონებაში, მაგრამ როცა საკლასო ოთახში შევედი, საერთოდ არ მახსოვდა რა ჩანაფიქრი მქონდა. მაინც საოცარი გაკვეთილი გამოვიდა, ჯგუფელები და ლექტორები მესწრებოდნენ. როგორც მახსოვს, ამ კლასს ჰყავდა ეროვნებით სომეხი, არაჩვეულებრივი პედაგოგი, ასაკოვანი ქალბატონი და მისი შეფასება ჩემთვის მაშინ უდიდესი საჩუქარი იყო. დღემდე ვფიქრობ, რომ მაშინ ძალიან თამამად გადავდგი ნაბიჯი. არასოდეს უნდა მოიქცე გაკვეთილზე რუტინულად. სიტუაცია გკარნახობს ყოველთვის ახალ მიდგომას, ჩვენს პროფესიაში არ არსებობს რეცეპტები, ამიტომაც ვთვლი, რომ მასწავლებლობა ყველაზე მაგარი პროფესიაა. დირექტორობამდე კერძო სკოლაში ვმუშაობდა და ვთვლი, რომ იმ წლებმა დიდი გამოცდილება შემძინა.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- სკოლის დირექტორობა ალბათ ორმაგი პასუხისმგებლობაა...

- დირექტორი 2012 წლის მარტიდან ვარ. დღემდე ვთვლი, რომ ყველაზე დიდი მისიაა, როცა შენი მშობლიური სკოლის წინამძღოლი ხდები. განსხვავებულ პასუხისმგებლობას გრძნობ. ჩვენი სკოლა რეფორმათა წიაღშია მუდმივად, ყოველთვის ვამბობ, რომ ექსპერიმენტები და მოძრაობა ცვლილებებისთვის არასოდესაა ცუდი. უპირველესად იმიტომ, რომ მოძრაობაში ვითარდები, წინ მიიწევ. მერე რა, რომ ზოგჯერ მარცხითაც შეიძლება დასრულდეს რომელიმე ნაბიჯი, შეიძლება წაიქცე, მაგრამ თუ მოძრაობის სურვილი გაქვს, აუცილებლად წამოდგები. ამიტომ მე, როგორც სკოლის ხელმძღვანელს, არასოდეს მეშინია ცვლილებების და, მგონი, გუნდიც ერთნაირად, საერთო ორბიტაზე ტრიალებს. ვგულისხმობ ჩემს პედაგოგებს და მშობლებს, რომ არაფერი ვთქვათ მოსწავლეებზე, რომელთა გამოც ყოველთვის ამაყი და ბედნიერი ვარ. 

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- აქედან გამომდინარე, როგორ ხორციელდება თქვენთან სასკოლო რეფორმა?

- რეფორმა სკოლაში! - მე ამას რეფორმასაც ვერ დავარქმევ, საპილოტო რეჟიმის პირველივე ეტაპის 50 სკოლაში მოვხვდით და დღემდე აქტიურად ინერგება „ახალი სკოლის მოდელი". არ გადაგღლით ამ პროცესის არსზე საუბრით, ისედაც ინფორმირებულია დაინტერესებული საზოგადოება ამ სიახლეებით, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ახალი სკოლის მოდელმა მნიშვნელოვნად შეარყია ძველ ამოცანებსა და სტერეოტიპებზე აგებული საკლასო მეთოდოლოგიები. რაც ყველაზე მომხიბვლელია ამ პროცესში, ესაა მეტი თავისუფალი სივრცე და თამამი ნაბიჯები მოსწავლე-მასწავლებლისთვის. ინიციატივები ქვემოდან ზემოთაა წახალისებული და დღეს განათლების სამინისტროს გეზი სწორედ ასეთი კრეატიული, თამამი ინიციატივებისკენაა აღებული. თუმცა არ ვართ, რასაკვირველია, ვარდისფერ ბურუსში გახვეულნი და შეცდომებსაც ცხადად ვხედავთ, რისკების შემცველ მიდგომებსაც, მაგრამ ესეც გამოწვევაა - ყველა სკოლას ინდივიდუალური სახე და ნიშა აქვს. ბევრი რამაა დამოკიდებული სკოლის  ლიდერებზე. ამიტომ ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიმოძრაო!

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „საქართველოს მომავალს სკოლის გაძლიერებაში ვხედავ“

- როგორ აგრძელებს ტრადიციებს პატარძეულის სკოლა?

- დღეს პატარძეულის სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს. დინამიკა მზარდია ბოლო სამი წელია და ეს ძალიან მახარებს. დასაწყისშიც აღვნიშნე, მოსწავლე სწორედ ის მთავარი ადამიანია, რომლის გამოც გიღირს ბრძოლა, მით უმეტეს, როცა მათი მიღწევები ხშირად განიჭებს ბედნიერებას. რაც შეეხება ტრადიციებს, ჩვენი სკოლა მისი ღირსეული გამგრძელებელია. ჩემი წინამორბედი დირექტორისგან, რომელიც ჩემი აღმზრდელი პედაგოგიც იყო, აწ გარდაცვლილი ომარ მიქელაშვილისგან იმდენად კარგად გაკვალული ხნული შემოგვრჩა, რომ სირცხვილია, ჩვენც ისეთივე შემართებით არ გავაგრძელოთ. ჩვენი სკოლა, ლამისაა, საუკუნე-ნახევრისაა, დღეს კი ახალ რელსებზეა შემდგარი, გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურითაც. 2019 წელს „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის" მიერ სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ჩვენს მოსწავლეებს აქვთ სრულიად თანამედროვე საკლასო კაბინეტები და ლაბორატორიები. ჰა ბურთი და ჰა მოედანი! – ზუსტად ჩვენაზეა. განათლების სამინისტრო დღემდე აქტიურად გვიჭერს მხარს.

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „მთავარია, რომ ბავშვმა მუსიკაზე ფიქრი დაიწყოს“

- შეგიძლიათ სკოლის წარმატებები გაიხსენოთ?

- წარმატებებს რაც შეეხება, ჩემი დირექტორობის პირველი თვეებიდან მიღებული ემოციები დღემდე საოცარი ენერგიით მავსებს. ზოგიერთ მათგანს ჩამოვთვლი: ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ რაიონულ ჩემპიონატზე გამარჯვება და შემდეგ რესპუბლიკურზე ღირსეული თამაში, „დედაენის“ ოლიმპიადაზე მოპოვებული გამარჯვება რამდენიმე ნომინაციაში, შემდეგ ესეების რესპუბლიკურ კონკურსზე საპრიზო ადგილები და შთამბეჭდავი ჯილდოები. გასულ წელს „ეტალონზე“ ჩვენი საოცარი მოსწავლის ლუკა კოტორაშვილის წარმატება... ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.  თუმცა ერთს ვიტყვი, ყველა წარმატებას როგორც ბავშვი, ისე განვიცდი და ვხარობ.

ექსპერიმენტები ხატვის გაკვეთილზე და 15-წუთიანი ინტერვალი „დაბადებიდან დაბადებამდე“

- იმ ადგილზე, სადაც გოგლა ლეონიძე დაიბადა, ალბათ წარმოუდგენელია, შემოქმედებითი ბუნების ადამიანმა წერა არ დაიწყოს...

- გოგლა ლეონიძე და პატარძეული - შემოქმედი ადამიანისთვის ორივე ერთი დიდი მუზაა. პატარძეულში გოგლას ნაკვალევია ყველგან და პატარ-პატარა მუზები ადგილზე ვერ ჩერდებიან. მეც სულ პოეზიის ქარცეცხლში ვარ. ჩემთვის ქართული პოეზია და ზოგადად ლიტერატურა არაა მიწიერი მოვლენა - ამით ღმერთთან საუბრობ, არამიწიერი ხდები და მაღლდები. ვთვლი, რომ ვისაც პოეზია ესმის, ყოველთვის იმარჯვებს მდაბალ, ქვენა გრძნობებზე, ასე რომ ეპოტინება ადამიანთა სულებს. რაც შეხება იმას, თუ რაზე და ვისზე ვწერ, ამას სულ მეკითხებიან და ამ კითხვაზე ვერასოდეს   ვპასუხობ. ალბათ ვწერ იმას, რაც მეწერება კონკრეტული ემოციისას, ამ ემოციას მუზა ჰქვია...

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: სიყვარული ბუმერანგივითაა...

- აქვე იქნებ მუზის მორიგი სტუმრობის შედეგი გაიხსენოთ...

- ჩემ საყვარელ ორსტროფიან ლექსს გაგაცნობთ:

დაუსრულებელ ლაბირინთებში

დაკარგული ვარ, ღამე ფლიდია,

ეშმა მოღოღავს ღიმილნარევი

იცის, რომ აქვე ბეწვის ხიდია.

ზეცა იხსნება, აწ, იმედია,

ანგელოზებიც იქვე მიდიან,

და ამ უკუნეთ გეენიაში

უფალი ისევ ისე დიდია!

კლასგარეშე საკითხავი მასწავლებლებისთვის: „ინწკირვეთის სკოლაში ბავშვებს მოსვლა უხარიათ“

- ვიცი, რომ პატარძეულის სკოლას სხვადასხვა დროს გამორჩეული სტუმრები ჰყავდა...

- ორ ამბავს გავიხსენებ მრავალთაგან: ერთხელ დიდი ქართველი მსახიობი ზურაბ ქაფიანიძე გვსტუმრობდა. საოცარი შეხვედრა გვქონდა, მერე ტრადიციული ქართული ვახშამი იყო. ქართული ლექსები გადადიოდა ერთიდან მეორესთან. მახსოვს ზურაბ ქაფიანიძის სადღეგრძელოთი გამჟღავნებული სიყვარული: „პატარძეულში დღეს პატარა საქართველო ვნახეო". მეორე ამბავი ამ ოთხი წლის წინ ჩატარებულ „ვეფხისტყაოსნის" კვირეულთანაა დაკავშირებული. მაშინ რაიონის სკოლებიც შემოგვიერთდნენ და გვთხოვეს, რომ კვირეულის დასკვნითი საღამო მწერალთა სახლშიც გვეჩვენებინა. არ მავიწყდება დარბაზში მყოფი მწერლები როგორ ტიროდნენ და ჩვენს ბავშვებს გულში იკრავდნენ. ასეთი ამბების გამო ალბათ ღირს, რომ ზოგჯერ ეკლებზეც იარო...