ნათია თურნავა: ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია

დღევანდელი მონაცემებით, ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში ვაქცინაზე უკვე 2000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 17 მაისი – Sputnik. ტურიზმის სექტორში ვაქცინაციის დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

დღეიდან თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს 23:00 საათამდე მოემსახურება>>

მისი თქმით, იზრდება ტურისტების ორგანიზებული ჯგუფების შემოსვლაც, რასაც მნიშნელოვნად შეუწყო ხელი ვაქცინაციის ნუსხაში ტურიზმის სექტორის პრიორიტეტად შეყვანამ. 

„უკვე 2000-მდე მოთხოვნაა რეგისტრირებული ტურიზმის ადმინისტრაციის სისტემაში, რომელიც გადავეცით ჯანდაცვის სამინისტროს. უკვე ამ კვირიდან ტურიზმის სექტორში დასაქმებულების ორგანიზებული ვაქცინაცია დაიწყება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა მთელმა მსოფლიომ იცოდეს, რომ საქართველოს ტურიზმის ინდუსტრია უსაფრთხოა. ამასთან, ეს არის დღევანდელობის მოთხოვნა“, – აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, როდესაც ტურისტი შემოდის, უკვე კითხულობს, რამდენად არის დაცული ყველა რეგულაცია მის მასპინძელ ობიექტში.

„ის ფაქტი, რომ მას სასტუმროს ვაქცინირებული პერსონალი, ვაქცინირებული გიდი დახვდება, ერთიათად ზრდის ჩვენი ტურისტული ბაზრის მიმზიდველობას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

კვების ობიექტები შაბათ-კვირას სტუმრებს ღია სივრცეში მიიღებენ

მინისტრის თქმით, პრაქტიკულად ყოველკვირეულად შემოდის განაცხადები ახალი ფრენების დაწყებაზე ან უკვე არსებული რეისების განახლებაზე. ეს ტურიზმის სფეროს აღდგენის დაწყებაზე მეტყველებს.

„ძალიან კარგად დაიტვირთა ახალგარემონტებული და გაფართოებული ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც რამდენიმე ახალი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ძველი, სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანიები იწყებენ პერიოდულ ფრენებს. ასევე მალე ქუთაისის განახლებული აეროპორტი სრული მასშტაბით ამოქმედდება და იქაც გვაქვს განაცხადები სხვადასხვა ავიაკომპანიების. ყოველკვირეულმა ფრენებმა მოიმატა თბილისის საერთაშორისო აეროპორტშიც“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. 

შეღავათები ვაქცინირებული პირებისთვის – რაზე საუბრობენ ჯანდაცვის უწყებაში>>

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოში გადაადგილებაზე შეზღუდვა 23:00 საათიდან ამოქმედდება და დილის 05:00 საათამდე იმოქმედებს. აქამდე ე.წ. კომენდანტის საათი 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედებდა. შესაბამისად იხსნება შეზღუდვა სასტუმროებში მოქმედი რესტორნებისთვის, რომელთა ფუნქციონირება დღემდე 21 საათიდან აკრძალული იყო. 

„რაც შეეხება კაფეებისა და რესტორნების ფუნქციონირებას შაბათ-კვირას, ვიცით, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა, რადგან უკვე წამოვიდა ტურისტების ნაკადი. დღეს მიღებული გადაწყვეტილებით, ამ კვირიდან შაბათ-კვირას წესების დაცვით შესაძლებელი იქნება კაფე-ბარებისა და რესტორნების ღია სივრცეების ფუნქციონირება“, – აღნიშნა მინისტრმა.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ 1 ივნისიდან შესაძლებელი გახდება შემოღებული შეზღუდვების უფრო მეტად შემსუბუქება, თუ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიური ვითარება კეთილსაიმედო იქნება.

დღეიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა შემსუბუქდა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ტურიზმის აღდგენის ტენდენცია, რომელიც უკვე სახეზეა, აღნიშნა მინისტრმა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში 28 ნოემბრიდან დაწესებული რეგულაციებიდან დარჩენილია „კომენდანტის საათი“, პირბადე, დისტანცია და რამდენიმე სხვა შეზღუდვა.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა ქვეყანაში ექვს თვეზე მეტია მოქმედებს – „კომენდანტის საათის“ გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციები სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება.