თბილისი, 14 მაისი – Sputnik. საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული საყოველთაო ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის საპილოტო პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ბახვის საჯარო სკოლიდან იწყება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
გასულ წელს მსოფლიო ბანკმა 35,7 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსება გამოყო პროექტ Log-in Georgia-ს განხორციელებისთვის, რომლის მიზანია საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის ფართოზოლიან ინტერნეტთან დაკავშირება ხელმისაწვდომ ფასად და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.
„მიხარია, რომ დღეს ამ მნიშვნელოვან პროექტს ვიწყებთ სწორედ ბახვის საჯარო სკოლიდან, სადაც დღეიდან ინტერნეტი სრულად ხელმისაწვდომია. აღნიშნული სკოლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ დასრულდა და ის სრულად აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკით, შეიქმნა სრულფასოვანი სწავლის, სპორტული აქტივობის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ყველა პირობა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა ბახვის საჯარო სკოლაში სტუმრობისას.
პრემიერით თქმით, კორონავირუსის პანდემიის ეპოქაში განსაკუთრებული აქტუალობა შეიძინა სამსახურებრივმა, პირადმა თუ საგანმანათლებლო ონლაინ–ურთიერთობამ. სწორედ ამიტომ გადაწყდა პროექტის განხორციელების პროცესის დაჩქარება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო და დღეიდან რაიონის 49 დასახლებულ პუნქტში 29 ათას მოქალაქეს შეუძლია ისარგებლოს ისეთი სერვისებით, როგორებიცაა ელექტრონული ჯანდაცვა, ელექტრონული განათლება, ელექტრონული მმართველობა, ელექტრონული კომერცია და ა.შ.
პროექტი Log-in Georgia სამი კომპონენტისგან შედგება: ფართოზოლიან ინტერნეტთან წვდომის ზრდა, მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან დაკავშირებული ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და პროექტის დანერგვის მხარდაჭერა. პროექტს ხუთი წლის მანძილზე განახორციელებს კომპანია Open Net კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხარდაჭერითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ზედამხედველობით.
ბახვის საჯარო სკოლაში ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდა მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსი. მისი თქმით, ეს არის ფასდაუდებელი პროექტი, განსაკუთრებით კოვიდ–პანდემიის პირობებში, რადგან ინტერნეტის საშუალებით ბევრი ახალი შესაძლებლობა იქმნება.
„საქართველომ დაიწყო შესანიშნავი მოგზაურობა ციფრულ სამყაროში. ეს იქნება ახალი შესაძლებლობა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის. პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, სწრაფი და სანდრო ინტერნეტ–მომსახურებით დააკავშირებს მეტ ადამიანს, საწარმოებს, დაწესებულებებს ერთმანეთთან“, – განაცხადა მოლინეუსმა.
Open Net-ის პროექტი უახლოეს მომავალში ქობულეთის მუნიციპალიტეტში გაგრძელდება. 2025 წლისთვის პროექტი დაახლოებით 1000 დასახლებულ პუნქტს, მათ შორის, მაღალმთიან სოფლებს მოიცავს. ინტერნეტი ხელმისაწვდომი გახდება დაახლოებით 500 ათასი ადამიანისთვის.
ბახვის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბერში დასრულდა. სკოლა იმერეთის ეპისკოპოსის გაბრიელ ქიქოძის მიერ 1870 წელს დაარსდა და დღეს მის სახელს ატარებს. ახლანდელი შენობა 1934 წელს აშენდა და იგი 700 მოსწავლეზეა გათვლილი. ამჟამად სკოლაში 120 მოსწავლე სწავლობს.