თბილისი, 12 მაისი – Sputnik. ბოლო ერთი კვირაა ვაქცინაციის პროცესმა სერიოზული სახე მიიღო, მოსახლეობის აქტივობაც ნორმალურია, თუმცა საჭიროა კიდევ მეტი აქტივობა, განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 71 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 2,5 პროცენტს შეადგენს. ცერცვაძის თქმით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი დამაკმაყოფილებელია.
„ჩვენ რომ გავიდეთ სამიზნე მაჩვენებელზე, რაც ვაქცინაციის გეგმაშია დასახული, იმისთვის, რომ მოხდეს მოსახლეობის 65%-ის ვაქცინაცია, რაც ვაქცინაციის აუცილებელი პირობაა, დღეში 6-7 ათასი ადამიანი უნდა აიცრას. გუშინ აიცრა 4.800“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა უკვე მესამე ტალღის პიკშია. მისი თქმით, ინფექციის გავრცელების სტაბილურობა ვაქცინაციის პროცესსა და მოსახლეობის მაღალ აქტივობაზეა დამოკიდებული.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს პრეპარატ AstraZeneca-თი მედპერსონალიდან დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო ჯგუფების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზარდა.
ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-ს, Pfizer-ის და Sinopharm-ის ვაქცინები, ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც.