სასამართლომ ნიკა მელია პატიმრობიდან გაათავისუფლა

პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით გუშინ მიმართა, მანამდე კი ევროკავშირმა გირაოს თანხა – 40 ათასი ლარი გადაიხადა.
Sputnik

თბილისი, 10 მაისი – Sputnik. პროკურატურის შუამდგომლობით მიმართვისა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია პატიმრობიდან გათავისუფლდა.

ნიკა მელიას გირაო ევროკავშირმა გადაიხადა>>

სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა.

„სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარის პოზიცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ უზრუნველყოფილია გირაოს მიზნები, ნიკანორ მელია დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პენიტენციური დაწესებულებიდან", – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ნიკა მელია რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში ელოდა. ის სასჯელაღსრულების დაწესებულებას მალე დატოვებს.

ნიკა მელია 2021 წლის 23 თებერვალს დააკავეს. 17 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 2019 წლის 20–21 ივნისის საქმესთან დაკავშირებით დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მელიამ უარი განაცხადა გირაოს გადახდაზე, რომელიც მას აღკვეთის ალტერნატიულ ღონისძიებად შეეფარდა.

გათავისუფლდება თუ არა ნიკა მელია: სასამართლო პროცესი 16 საათზე გაიმართება

ნიკა მელიას წინასწარი პატიმრობიდან გასათავისუფლებლად საჭირო გირაოს თანხა 40 ათასი ლარის ოდენობით  ევროკავშირმა უკვე გადაიხადა – „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გირაოს თანხა გამოყო, ხოლო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) აღნიშნული თანხა ხელისუფლებას გადასცა.

ევროკავშირის მიერ გირაოს გადახდის საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც საქართველოს მთავრობამ და რამდენიმე ოპოზიციურმა ლიდერმა 19 აპრილს ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც მხარეებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შესთავაზა. დოკუმენტის თანახმად, მელიამ ციხე ამნისტიის კანონის საფუძველზე უნდა დატოვოს, ასევე განიხილებოდა მისი გათავისუფლება გირაოს საფუძველზე. 

პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის შეცვლის საკითხზე მიმართა>>

2019 წლის 20-21 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული პროტესტის შემდეგ აღძრული საქმეების ფიგურანტების ამნისტია ევროკავშირის შუამავლობით მხარეების მიერ ხელმოწერილი შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტია.