ბათუმი საფეხბურთო დღესასწაულისთვის ემზადება

ბილეთები ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩზე საფეხბურთო შეხვედრებს დანატრებულმა გულშემატკივარმა სულ რამდენიმე საათში შეიძინა
Sputnik

თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ბათუმი დიდ საფეხბურთო დღესასწაულს ელოდება – 8 მაისს საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონატის მე–12 ტურის ფარგლებში მეორე წრის ცენტრალური თამაში გაიმართება, სადაც ორი „დინამო“ დაუპირისპირდება ერთმანეთს – ბათუმელები თბილისელებს უმასპინძლებენ.

საუკეთესო ახალი სტადიონი მსოფლიოში: ბათუმის არენა ასპარეზობის მოლოდინში - ვიდეო>>

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, სატურნირო ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის „დინამო“ ჩემპიონატის ლიდერია, მაგრამ ბათუმელებს მხოლოდ სამი ქულით უსწრებს; მეორეც, ერთმანეთს ხვდებიან გასული სეზონის ჩემპიონი და ვიცე–ჩემპიონი და სავარაუდოდ, ეროვნულ ლიგაში გამარჯვებისთვის წელსაც სწორედ ეს ორი კლუბი იბრძოლებს გამარჯვებისთვის.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მომდევნო სამ საშინაო მატჩს ბათუმში გამართავს

და ბოლოს, მესამე – მატჩი ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართება, ახალ გაზონზე (სპეციალური ჰიბრიდული საფარით) და რაც მთავარია, 6 200 გულშემატკივრის თანდასწრებით. უნდა აღინიშნოს, რომ ბილეთები სულ რამდენიმე საათში გაიყიდა.

მატჩი 20:15 საათზე დაიწყება.

ბათუმის სტადიონს საძირკველი 2018 წლის 21 იანვარს ჩაეყარა და ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა. ის დაპროექტებულია თურქული არქიტექტურული კომპანია Bahadir Kul Architects-ის მიერ. სტადიონი 20 ათას მაყურებელს იტევს. მის მშენებლობაზე თითქმის 145 მლნ ლარი დაიხარჯა. ბათუმის ახალი არენა უეფას მე-4 კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონია, რომელიც უახლესი მოდელის განათების, გახმოვანებისა და სხვა სისტემებით არის აღჭურვილი.