გამყრელიძე: ვაქცინირებულებმა ალკოჰოლი დალიეთ, ოღონდ ზომიერად

ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში ყველაზე აქტუალური კითხვა, რომელიც ვაქცინირებულებს აწუხებთ, ალკოჰოლის მიღების ვადებია.
Sputnik

თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვაქცინაციის შემდეგ მოქალაქეებს შეუძლიათ ალკოჰოლი მხოლოდ ზომიერების ფარგლებში მიიღონ, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გაყრელიძემ ჟურნალისტებისთვის გამართულ ვებინარზე.

ვაქცინაცია COVID-19-ზე: დაიწყო ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა რეგისტრაცია

გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ყველაზე აქტუალური საკითხია, თუ როდის შეძლებენ აცრილები ალკოჰოლის მიღებას.

„ამაზე პირდაპირ გიპასუხებთ: ის, რაც ქართველებს გვიყვარს, „დიდი დალევა“ ვაქცინაციის შემდეგ საკმაოდ დიდი პერიოდი მიზანშეწონილი არ არის. მეც ექიმი ვარ და ვინც მეკითხება, ვეუბნები, ძალიან გთხოვთ, ჩვენ რომ გვიყვარს ერთი და ორი ბოთლის დალევა, ნუ დალევთ, მაგრამ ერთი ჭიქა შეგიძლიათ დალიოთ, როცა გნებავთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთნენ.

ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო.