საქართველოში აპრილის თვის კომპენსაციების გაცემა დაიწყო

200-ლარიანი კომპენსაცია ჩაერიცხება კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ 120.496 პირს, 24 მლნ ლარის ოდენობით.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი - Sputnik. აპრილში 200-ლარიან კომპენსაციას კორონავირუსის პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი 120.496 მოქალაქე მიიღებს, იუწყება დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.

200-ლარიანი კომპენსაციებისთვის განცხადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება >>

აპრილის თვის კომპენსაციას მიიღებენ ასევე ის მოქალაქეები, რომლებმაც დაკარგეს სამსახური კორონავირუსის მეორე ტალღის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად. ფულადი დახმარების საერთო თანხა 24 მლნ ლარს შეადგენს.

მარტში სახელმწიფოსგან 200 ლარის ოდენობის დახმარება უმუშევრად დარჩენილმა 130.645 მოქალაქემ მიიღო. ფულადი დახმარების საერთო თანხამ 26,2 მლნ ლარი შეადგინა. თებერვალში სახელმწიფოს დახმარება 140 ათასმა ადამიანმა მიიღო. ჩარიცხულმა თანხამ მთლიანობაში 28 მილიონი ლარი შეადგინა. იანვრის მდგომარეობით კომპენსაცია მიიღო 106.389 ადამიანმა, რომლებმაც ჯამში 21,3 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგეს.

ტიკარაძე: საზღვარგარეთ დასაქმების მსურველებს ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობა მივეცით

საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეებისთვის ექვსი თვის განმავლობაში 200-ლარიანი კომპენსაციები გაიცემა.

ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება აქვთ ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტულ შვებულებაში მყოფ პირებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში დასაქმებული იყვნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით ხელფასი არ მიუღიათ ერთი ან რამდენიმე თვის განმავლობაში. 

კომპენსაციის გაცემა შეწყდება იმ შემთხვევაში, თუ 2021 წლის მარტიდან მიმღები პირის ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეებისთვის დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.