ავიაკომპანია FlyArystan საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარულ ფრენებს იწყებს

დღეისათვის საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 ავიარეისს ასრულებს, ზაფხულისთვის კი მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. შედარებისათვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში 12 რეისი სრულდებოდა.
Sputnik

თბილისი, 28 აპრილი – Sputnik. ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan 2 მაისიდან საქართველოს მიმართულებით რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას იწყებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ავიაკომპანია ისრაელისა და სომხეთის მიმართულებით რეგულარულ რეისებს გეგმავს>>

აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი - ეს ის სამი ახალი მიმართულებაა, საიდანაც ავიაკომპანია რეგულარულ ფრენებს განახორციელებს ქუთაისის აეროპორტში.

ავიაკომპანია Air Astana-ს შვილობილი კომპანია რეისებს შემდეგი განრიგით შეასრულებს:

  • ატირაუ-ქუთაისი-ატირაუ, 2 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ხუთშაბათსა და კვირას;
  • აქტაუ-ქუთაისი-აქტაუ, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს;
  • ნურსულთანი-ქუთაისი-ნურსულთანი, 4 მაისიდან 30 ოქტომბრამდე, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ოპერირების ნებართვა მიმდინარე წლის 27 აპრილს მიანიჭა.

სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც აისახება ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე სხვადასხვა მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების, გაგრძელების ან განახლების კუთხით.

სამთვიანი პაუზის შემდეგ Wizz Air-მა საქართველოსა და ევროპას შორის რეისები განაახლა

ავიაციის სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ სიფრთხილე მგზავრობის დაგეგმვის დროს, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველომ რეგულარული ფრენები 2020 წლის მარტის შუა რიცხვებიდან ყველა მიმართულებით შეწყვიტა. საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით სრულდებოდა მხოლოდ სპეცრეისები ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ზაფხულში რეგულარული რეისების აღდგენა დაიწყო, მაგრამ ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო საავიაციო მიმოსვლის განახლება რამდენჯერმე გადაიდო.

საქართველოში შემოსვლის წესები 2021 წლის მარტში, აპრილში და მაისში>>

მიმდინარე წლის თებერვლიდან ხელისუფლებამ გახსნა საჰაერო საზღვრები და გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ ქვეყანაში ჩამოსვლა.