საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება და დაშორება არავისთვისაა სასიამოვნო ცხოვრებისეული გამოცდილება. ყველას გვირჩევია, რაც შეიძლება ნაკლები ნგრევა და იმედგაცრუება იყოს ჩვენს ცხოვრებაში. დღევანდელ სტატიაშიც იმ ძირითად შეცდომებზე გიამბობთ, რაც თითქმის ყველა წყვილის ურთიერთობაში ხდება ადრე თუ გვიან და მათზე დამაზიანებელ გავლენას ახდენს.
დაგვერწმუნეთ, ეს შეცდომები არაა ისეთი, რომლის დაძლევა და გადალახვა შეუძლებელი იქნება. სულ ცოტა ძალისხმევა და ურთიერთობა გაცილებით უკეთესი გახდება.
1. ერთად ყოფნის პერიოდში „არ ხართ ერთად“
ძალიან მნიშვნელოვანია, ერთად ყოფნის პერიოდში დრო „ხარისხიანად“ გაატაროთ. შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ერთად იყოთ, მაგრამ საერთოდ არ გქონდეთ ერთმანეთთან კომუნიკაცია, მაგალითად, ორივე დაკავებული იყოთ საკუთარი მობილური ტელეფონებით. გახსოვდეთ, კომუნიკაციის არარსებობა დაშლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია.
იმ წყვილის ურთიერთობა, რომელიც ერთად უყურებს ფილმებს, სეირნობს, საუბრობს, ერთად აკეთებს რაიმე საქმეს, თუნდაც ამზადებს საჭმელს, ბევრად უფრო მყარია და ინტიმური.
2. პარტნიორის ძალისხმევის უგულებელყოფა
თუ თქვენი პარტნიორი მუდმივად ზრუნავს თქვენზე, ასუფთავებს სახლს, გიმზადებთ საჭმელს, ნუ ჩათვლით, რომ ეს ასე უნდა იყოს და ეს მისი ცხოვრების რუტინაა. გამოხატეთ ყოველდღიური მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენთვის აკეთებს და ეცადეთ, ანალოგიურით უპასუხოთ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ადამიანები ძალიან ხშირად შორდებიან პარტნიორს, თუ თავს დაუფასებლად იგრძნობენ. იგივე ეხება მათ პირად თვისებებსაც. გააგრძელეთ მისი შექება სილამაზის, იუმორის გრძნობის ან ხასიათის განუმეორებელი თვისებების გამო.
3. არ იხსნებით ბოლომდე
თუ პარტნიორთან ბოლომდე არ გაიხსნებით, ის ამას აუცილებლად შეამჩნევს და ურთიერთობა საკმაოდ გაძნელდება. შემცირდება ერთმანეთის ნდობის ხარისხიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინტიმურ ურთიერთობებში. თუ არ მისცემთ საშუალებას, ბოლომდე გაგიცნოთ, უცნობებად დარჩებით და ადრე თუ გვიან ურთიერთობაც დასრულდება.
4. პატივს არ სცემთ პირად საზღვრებს
ხშირია ურთიერთობაში, როდესაც ორი ადამიანის ნაცვლად ჩნდება ერთი – „ჩვენ“. ამ დროს პარტნიორებს შორის ძნელი ხდება პირადი სურვილების განცალკევება. შეიძლება თავი ისე კომფორტულად იგრძნოთ ამ სიტუაციაში, რომ უარი თქვათ საკუთარ საჭიროებებზე, გააერთიანოთ ისინი და შეიჭრათ ერთმანეთის პირად სივრცეში.
შეეცადეთ არ იყოთ მომაბეზრებელი და პატივი ეცით პარტნიორის პირად საზღვრებს. ასევე არ იგრძნოთ თავი შურაცხყოფილად, თუ მისი საჭიროებები არ შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს. მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ხართ, თქვენ ჯერ კიდევ ორი განსხვავებული ადამიანი ხართ, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა სურვილები.
5. არ უვლით თავს
განშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი პარტნიორით უკმაყოფილებაა. მუდამ გახსოვდეთ როგორი იყავით მაშინ, როცა ერთმანეთს შეხვდით და როგორი შეუყვარდით მას.
რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში თქვენ აუცილებლად შეიცვლებით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ურთიერთობის დაწყებისთანავე შეწყვიტოთ საკუთარ თავზე ზრუნვა. გააგრძელეთ სავარჯიშო დარბაზში სიარული, იკვებეთ ჯანმრთელად, იმუშავეთ პიროვნულ განვითარებაზე და აკეთეთ ყველაფერი ის, რისი კეთებაც ადრე გიყვარდათ.
6. გაქვთ დაბალი თვითშეფასება
დაბალი თვითშეფასება დიდი საშიშროებაა ურთიერთობისთვის. ადამიანებს, რომელთაც დაბალი თვითშეფასება აქვთ, ხშირად ეშინიათ მიტოვებისა და უარყოფის და ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი დაიცვან. მათ არ სჯერათ, რომ საკმარისად კარგები არიან პარტნიორისთვის და არ სჯერათ, რომ პარტნიორს ნამდვილად შეუძლია უყვარდეს ისინი. ამის გამო სულ ეჭვობენ, რომ ურთიერთობა მალე დასრულდება. ეს ყველაფერი კი ძალიან დამღლელია და ურთიერთობაზე საბოლოოდ უარყოფით გავლენას მოახდენს.
7. კონფლიქტისგან თავის არიდება
ალბათ ფიქრობთ, რომ თუ თავს აარიდებთ კონფლიქტს, ამით ურთიერთობას გადაარჩენთ. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თუ რაიმე კონფლიქტს თავიდან აიცილებთ, ეს ნიშნავს, რომ მალავთ თქვენს ნამდვილ გრძნობებს, უგულებელყოფთ თქვენს საჭიროებებს და ამის გამო ხშირად იმედგაცრუებული რჩებით.
ასე ვერ იცხოვრებთ მთელი ცხოვრება. საბოლოოდ თქვენ ძალიან იმედგაცრუებული დარჩებით და ყველაფერი დასრულდება. პირიქით, უთხარით რაც გაწუხებთ, იკამათეთ, გამოუშვით ორთქლი და გქონდეთ მასთან ჯანსაღი კომუნიკაცია. თქვენი პარტნიორი ვერ წაიკითხავს თქვენს ფიქრებს, ასე რომ, ილაპარაკეთ. ამ გზით ერთად შეძლებთ პრობლემების მოგვარებას, სანამ გვიან არ არის.