რამდენ ხანს მუშაობს ვაქცინა და როგორ ჩატარდება განმეორებით ვაქცინაცია – იმნაძის განმარტება

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მინიმუმ ექვსი თვე ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში „მუშაობს“, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“.

საქართველომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესანახად მაცივრები მიიღო>>

იმნაძემ აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან დაკავშირებით კვლევები მუდმივად მიმდინარეობს, რათა დადგინდეს, რამდენ ხანს ტოვებს ვაქცინა იმუნიტეტს.

„დღეისათვის იმის თქმა, რამდენ ხანს დარჩება იმუნიტეტი, ერთი წელი მაინც თუ იქნება – ეს მომავალი წლის დეკემბრამდე მაინც უნდა ვნახოთ. მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრება არის, რომ შეიძლება „შემახსენებელი“ ვაქცინაცია დასჭირდეს ადამიანს“, – განაცხადა იმნაძემ.

პაატა იმნაძემ გადაცემაში ასევე გარკვეულ ასაკობრივ ჯგუფებში AstraZeneca-ს მეორე დოზით ვაქცინაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე კვირის წინ განაცხადეს, რომ საქართველოში AstraZeneca-ს გამოყენება მხოლოდ 55 წელს გადაცილებულ პირებში გაგრძელდება.

საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინით მხოლოდ 55 წელს გადაცილებული პირები აიცრებიან

მანამდე ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ დადასტურდა უიშვიათესი კავშირები AstraZeneca-ს ვაქცინასა და თრომბის შემთხვევებს შორის. კერძოდ, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბის იშვიათი შემთხვევა 25 მლნ აცრილი ადამიანიდან მხოლოდ 86-ს განუვითარდა, შემთხვევების უმეტესობა კი 60 წლამდე ასაკის ქალებზე მოდის.

იმნაძემ გადაცემაში საუბრისას განმარტა, თუ როგორ აიცრებიან მეორედ ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი დოზით არიან აცრილი, შემდეგ კი ასაკობრივი შეზღუდვა შეეხოთ.

„ძალიან ბევრმა ქვეყანამ თქვა, რომ თუ პირველ დოზაზე არაფერი იყო, მეორე დოზა პრობლემა არ არის. ამიტომ ვინც უფრო ახალგაზრდა ასაკში მიიღო, შეუძლია ისევ მიიღოს“, – განაცხადა იმნაძემ.

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარების სურვილი 57 ათასმა ადამიანმა გამოთქვა>>

მან ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილებას სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე მიიღებენ, ვიდრე AstraZeneca-თი ვაქცინაციის მეორე ტური დაიწყება.

ვის აცრიან ჩინური ვაქცინით – გამყრელიძემ ჯგუფები დაასახელა

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს ასევე უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები.

ამ დროისათვის საქართველოში ხელმისაწვდომია AstraZeneca-სა და Pfizer-ის ვაქცინები, თუმცა ქვეყანა მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვა მწარმოებლებთანაც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. საქართველომ ასევე მიიღო 100 ათასი დოზა ჩინური ვაქცინა Sinopharm, თუმცა ამ პრეპარატით აცრა ჯერ არ დაწყებულა. Sinopharm-ით აცრის დაწყების სავარაუდო თარიღია 4 მაისი.

26 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში აცრილია 37.590 ადამიანი.