ჭიათურაში ათასობით მაღაროელი გაიფიცა

ჭიათურაში გაფიცულმა მაღაროელებმა ხელფასების 50%-ით მომატების შესახებ კომპანიას რამდენიმე კვირის წინ წერილობით მიმართეს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ, ამ დროისათვის მანგანუმის მომპოვებელი ყველა მოქმედი მაღარო გაჩერებულია, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ქიმიური და სამთო–მეტალურგიული დარგის პროფკავშირის თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ.

13 მაღაროს 3,5 ათასზე მეტი კომპანია Georgian Manganese-ის გაფიცული თანამშრომელი დილიდან მერიის წინ არის შეკრებილი. ისინი კომპანიისგან ხელფასების 50%-იან მატებას და ჯანდაცვის სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებას ითხოვენ.

საპროტესტო აქცია ჭიათურაში: „შუქრუთის" მაღაროზე საწარმოო პროცესი პარალიზებულია

„კომპანიას წერილით მივმართეთ და მოვითხოვეთ ხელფასის მომატება, არ მიგვითითებია – რამდენი პროცენტით, ჯანმრთელობის დაზღვევის პირობების გაუმჯობესება და კოლექტიური შეთანხმების გაფორმება. კომპანია მოთხოვნების ნაწილს დათანხმდა; სხვადასხვა ვითარების გათვალისწინებით, ხელფასის ცოტა მომატებას დაგვპირდა, მაგრამ მაღაროელები არ თანხმდებიან, ყველა ხელფასის ორჯერ გაზრდას მოითხოვს", – განაცხადა სამხარაძემ.

ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტის პარალელურად სოფელ შუქრუთის მოსახლეობის აქციაც მიმდინარეობს. სოფლის მცხოვრებლების განცხადებით, შუქრუთში მადნის მოპოვების სამუშაოების გამო დაზიანდა მათი საცხოვრებელი სახლები. აქციის მონაწილეები მადნის მომპოვებელი კომპანიისგან კომპენსაციის გაცემას მოითხოვენ.

ჭიათურაში მანგანუმის მადანს 1879 წლიდან მოიპოვებენ. მანგანუმის მადნისა და მანგანუმის ოქსიდებისა და დიოქსიდების ექსპორტს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქართველოს ექსპორტში.

საქართველოს უმსხვილესმა კომპანიამ რესტრუქტურიზაცია ჩაატარა>>

„ჯორჯიან მანგანეზი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიაა საქართველოში, რომლის შემადგენლობაში შედის ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა, ჭიათურის სამთო–გამამდიდრებელი კომბინატი, ჰიდროელექტროსადგური „ვარციხე 2005“, კლინიკა „ფერომედი“. კომპანია მაღალი ხარისხის ფეროშენადნობების წამყვანი მწარმოებელი და ექსპორტიორია. პროდუქცია გადის რუსეთში, აშშ-ში, ევროპისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში. მანგანუმის მადნის მოპოვება ხდება ოთხ საბადოზე ძველი ტექნოლოგიით, ცხრა მიწისქვეშა გამონამუშევრებში და შვიდ ღია კარიერზე.