17 წლის მოზარდი მამას ძალადობაში სდებს ბრალს

არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც გურიაში გაუჩინარდა და რამდენიმე დღე ეძებდნენ, სახლში დაბრუნებაზე უარს ამბობს.
Sputnik

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. 17 წლის მოზარდი, რომელსაც ოზურგეთში ოჯახი სამი დღის განმავლობაში ეძებდა, სახელმწიფოს შესაბამის სერვისში მოათავსეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

მე-12 კლასის მოსწავლე 19 აპრილს ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედიდან გაუჩინარდა. მანამდე კი მან ინგლისურ ენაზე დაწერილი ორგვერდიანი წერილი დატოვა. მასში საუბარია იმაზე, რომ მარიამი მზადაა 6–7 ადამიანი მოკლას და მიუთითებს ინიციალებს, მათ შორის, თავისი მასწავლებლის. წერილში ასევეა ხელმოჭრილი გვამის ნახატი. გოგონა წერს, რომ თავში ხმები ესმის და არ იცის, რა უყოს ამ ხმებს. ის ამტკიცებს, რომ შეასრულებს თავის მისიას. სამდღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა გოგონა თბილისში იპოვეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დაკარგული 17 წლის მარიამ ბურჭულაძე პოლიციამ იპოვა

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის მიმართვის საფუძველზე სოციალურმა მუშაკმა არასრულწლოვანი გამოკითხა. საქმეში ჩართულია ფსიქოლოგიც.

გამოკითხვის დროს  გოგონამ განაცხადა, რომ მამა მასზე როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად ძალადობდა, რაც მისი სახლიდან გაქცევის მიზეზი გახდა. მისი თქმით, გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მამამ მას ტელეფონი დაუმტვრია.

გოგონას მამა მთელი დღის განმავლობაში ოზურგეთის პოლიციაში იკითხებოდა.

მოზარდის ოჯახი - დედა და ბიძა მამის მხრიდან მასზე ძალადობის ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ მამა-შვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ.

ახალი დეტალები გაუჩინარებული გოგონას შესახებ: იდუმალი წერილი, შოკის მომგვრელი ნახატები>>

შსს-ში გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს.