„რიონის ხეობის მცველები“ პრემიერ-მინისტრის პასუხს ორ დღეს დაელოდებიან

რიონის ხეობაში შედარებით სიმშვიდეა, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს, ორ დღეში გახდება ცნობილი. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობისგან პასუხს ელიან
Sputnik

თბილისი, 21 აპრილი – Sputnik. „რიონის ხეობის მცველები“ მთავრობას მათი ძირითადი მოთხოვნების შესასრულებლად ორ დღეს აძლევენ, განაცხადა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ვარლამ გოლეთიანმა.

ქუთაისის მაჟორიტარი „ნამახვანჰესის“ მოვლენებზე: ყველაფერი პრემიერის დონეზე წყდება >>

მდინარე რიონზე „ნამახვანჰესის კასკადის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეებს მოთხოვნები უცვლელია: თურქულ კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტა, გაუქმდეს მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება უცხოელი ინვესტორისთვის რიონის ხეობის მიწების გადაცემის შესახებ.

„მცველები“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს პარასკევამდე ელოდებიან.

გოლეთიანი ეჭვობს, რომ მთავრობა დროს განგებ წელავს, და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება კორონავირუსის პანდემიის გამო ზომებს გაამკაცრებს, შედეგად კი მომიტინგეები აქციების გამართვას ვეღარ შეძლებენ.
რას ითხოვენ ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები - ინტერვიუ პროტესტის ლიდერთან

გოლეთიანის თქმით, ის დღეს დაუკავშირდა გუბერნატორს და გააცნო მას აქციის მონაწილეთა პოზიცია და სცენარის შესაძლო განვითარება. გოლეთიანს არ დაუმალავს, რომ მათ აქვთ ეჭვები, რომ „ხელისუფლებამ გაწელა დრო შეგნებულად“.

მისი თქმით, გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ პირობა მისცა, რომ დღესვე შედგება საუბარი პრემიერთან და „რიონის ხეობის მცველებს“ პასუხი პარასკევის ჩათვლით ეცოდინებათ.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მათ პირობებს არ შეასრულებს, მასშტაბური აქციები დაიწყება, განაცხადა გოლეთიანმა.

„ამ შემთხვევაში ჩვენ დიალოგის გაგრძელების შესაძლებლობას ვეღარ ვხედავთ და ჩვენ წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და კიდევ უფრო დაიძრება პროცესი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეები მთავრობის წარმომადგენლებს 15 აპრილს შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ საპროტესტო მოძრაობის ლიდერებმა განაცხადეს, რომ მთავრობის მხრიდან კომპრომისისთვის მზადყოფნა იგრძნეს. გადაწყდა, რომ სამშენებლო კომპანია ENKA სპეციალურად შექმნილ ექსპერტთა საბჭოს „ნამახვანჰესის“ პროექტზე ჩატარებული კვლევების შედეგებს წარუდგენს.

ვარლამ გოლეთიანი: დიალოგს გავაგრძელებთ სამი პირობის შესრულების შემთხვევაში

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის ირგვლივ ვნებათაღელვა ექვს თვეზე მეტია არ ცხრება. მიუხედავად იმისა, რომ პროექტი საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მოძრაობა სულ უფრო მასშტაბურ სახეს იძენს. პროტესტს ორი მიზეზი აქვს: ერთი - ესაა საფრთხე, რომელიც მომავალი კაშხლის შესაძლო გარღვევამ შეიძლება შეუქმნას მთელ იმერეთის რეგიონს, მეორე - საქართველოში თურქული კომპანია Enka-სთვის დიდი რაოდენობით მიწების 99 წლის ვადით გადაცემაა.

„ნამახვანჰესი“ კასკადი ორი ჰესისგან შედგება: ერთი კაშხლის ფართობია 1 კვადრატული კილომეტრი, მეორე კაშხლის ფართობი - 5,1 კვადრატული კილომეტრი. თითოეული კაშხლის ფართობი საქართველოში არსებულ ნებისმიერ კაშხალზე ნაკლებია. მაგალითად, თბილისის წყალსაცავის ფართობი 11,6 კვ.კმ-ია, „ენგურჰესის“ – 13,6 კვ.კმ, შაორის წყალსაცავის – 9,1 კვ.კმ. „ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის „ზემო ნამახვანი“.