თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. იმერეთში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პოლიციელს დავით ახობაძეს მინისტრის სახელით ჯილდო გადაეცა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
დავით ახობაძეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს გამოჩენილი მამაცობისთვის „გლოკის“ მოდელის პისტოლეტი გადაეცა.
საქმე ეხება მიმდინარე წლის 5 მარტს მომხდარ შემთხვევას. ვანის რაიონის სამმართველოში შეტყობინება შევიდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თავის მოკვლას აპირებდა.
პოლიცია მიღებული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა. ადგილზე მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თავის მოკვლას სანადირო თოფით აპირებდა, ცეცხლი სამართალდამცველების მიმართულებით გახსნა, რა დროსაც ვანის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსი დავით ახობაძე დაიჭრა.
დაჭრილი პოლიციელი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში დროულად გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს. რაც შეეხება ბრალდებულს, ის სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
უწყების ცნობით, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი დავით ახობაძე მკურნალობას სახლში განაგრძობს. მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.