ხმაური რუსთაველის თეატრთან - აქციის მონაწილეებსა და მსახიობებს შორის დაპირისპირება მოხდა

რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები მსახიობ ნინუცა მაყაშვილს უცხადებენ მხარდაჭერას და რეჟისორ რობერტ სტურუას უპირისპირდებიან, თეატრის მსახიობები კი თავის მხრივ სტურუას უჭერენ მხარს.
Sputnik

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. თბილისში, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრთან აქციაზე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი „გილდიას“ წევრებსა და თეატრის მსახიობებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, იუწყება „პირველი არხი“.

რუსთაველის თეატრმა ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნა

აქციის მონაწილეები ძალადობასა და დისკრიმინაციას აპროტესტებენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს მსახიობ ნინუცა მაყაშვილს და საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდეს. აქციაზე მყოფი პირებმა ასევე განაცხადეს, რომ სტურუა მოძალადეა და რეპეტიციებზე ქალებს შეურაცხყოფას აყენებს.

12 აპრილს ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელი ფაქტები გაიხსენა და განაცხადა, რომ იგი ბესო ზანგურის მხრიდან, რომელიც მაშინ მისი მეუღლე იყო, ძალადობის მსხვერპლი იყო, ორსულობის პერიოდშიც კი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. გუშინ კი რუსთაველის თეატრმა მსახიობი ბესო ზანგური სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნა. ამის შესახებ ბრძანება დღეს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა რობერტ სტურუამ გამოსცა.

რუსთაველის გამზირზე აქციის მიმდინარეობისას გაკეთებულმა განცხადებებმა თეატრში მყოფი მსახიობების გაღიზიანება გამოიწვია. მსახიობები განმარტავენ, რომ აქციის მონაწილეთა განცხადებები, თითქოს რეჟისორი რობერტ სტურუა ბესო ზანგურის მიერ ჩადენილი საქციელის წახალისებას ცდილობს, სიცრუეა.

„ჩვენი გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ყველაფერმა რობერტ სტურუაზე გადაიარა. ბესო ზანგური ყველა სპექტაკლიდან მოხსნილია და იურიდიულად, რაც თეატრს შეეძლო გაეკეთებინა, უკვე გააკეთა“, - განაცხადა რუსთაველის თეატრის მსახიობმა გოგა ბარბაქაძემ.
წულუკიანი: ბესო ზანგურმა სასწრაფოდ უნდა დატოვოს თეატრი

მეორე მხრივ „გილდიას“ დამფუძნებელი გიგა ბექაური განმარტავს, რომ მათი მთავარი მოთხოვნაა თეატრის თითოეულმა წევრმა და მათ შორის რეჟისორმა სტურუამ სოლიდარობა გამოუცხადოს ნინუცა მაყაშვილს. როგორც ცნობილია, სტურუამ ბესო ზანგურს სოციალურ ქსელში მხარი დაუჭირა.

„თანამდებობაზე მყოფი პირები, თეატრში ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ან სოლიდარობა გამოუცხადონ მაყაშვილს ან, მინიმუმ, გაჩუმდნენ და არაფერი თქვან, რადგან ასე აზიანებენ უამრავი ადამიანის ჯანმრთელობას. ჩვენი მთავარი მიზანია ადამიანებმა შეძლონ საკუთარი უფლებების დაცვა“, - განაცხადა გიგა ბექაურმა.

ნინუცა მაყაშვილის მიერ ბესო ზანგურთან დაკავშირებულ განცხადებას საზოგადოებაში მწვავე რეაქციები მოჰყვა. ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მსახიობი ამბობს, რომ ჩვენების მიცემას არ აპირებს, რადგან მისი თვითმიზანი არ არის ყოფილი ქმრის პასუხისგებაში მიცემა.