ხვალიდან თბილისში ავტობუსის ახალი მარშრუტი ამოქმედდება

ავტობუსი მგზავრებს დიდი დიღმიდან „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოემსახურება, მარშრუტზე 15-წუთიანი ინტერვალით 12-მეტრიანი BMC მარკის ავტობუსები იმოძრავებს.
Sputnik

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. 17 აპრილიდან დედაქალაქში ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი ამოქმედდება, რომელზეც N321 ავტობუსი იმოძრავებს, იუწყება დედაქალაქის მერია.

საქართველოს ექვს ქალაქში ახალი ავტობუსები იმოძრავებენ

ავტობუსი მგზავრებს დიდი დიღმიდან მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით მოემსახურება.

მერიის ინფორმაციით, ავტობუსი იმოძრავებს წრიული მარშრუტით: დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მეექვსე კორპუსის მიმდებარე ტერიტორია) – დიდი დიღმის IV მიკრორაიონი (დ. თავდადებულის ქუჩა – არჩილ მეფის ქუჩა) – დიდი დიღმის III – I მიკრორაიონი (მირიან მეფის ქუჩა) – ჯორჯ ბალანჩინის ქუჩა – გიორგი მინდელის ქუჩა – თენგიზ შეშელიძის ქუჩა – მეტროს სადგურ „სარაჯიშვილის“ მიმდებარე ტერიტორია.

ახალი ავტობუსი დიდ დიღომში გაივლის მირიან მეფის ქუჩის იმ ნაწილსაც, სადაც აქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობდა. კერძოდ, მუნიციპალური ავტობუსი იმოძრავებს კლინიკა „იმედი L”-ის მიმართულებითაც.

თბილისში  N6 და N20 მარშრუტებზე  ყვითელი ავტობუსები აღარ იმოძრავებს >>>

N321 მარშრუტზე 15-წუთიანი ინტერვალით 12-მეტრიანი BMC მარკის ოთხი ავტობუსი იმოძრავებს.

სულ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ავტოპარკი ბოლო პერიოდში 580 ავტობუსით განახლდა. დამატებით კიდევ 100 ერთეული 12-მეტრიანი BMC-ს მარკის ავტობუსი დედაქალაქში უახლოეს მომავალში შემოვა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში მუშაობა 8 თებერვლიდან განაახლა.

თბილისში 8 თებერვლიდან ავტობუსები, მიკროავტობუსები და მეტრო მგზავრებს 21:00 საათამდე ემსახურება.