ყველას წინააღმდეგ: მრავალათასიანი „მდუმარე აქცია“, ანუ „ხალხის დღე“

შეიქმნება ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალა, რომელიც იტვირთავს სამოქალაქო კონტროლის ფუნქციას და არ დაუშვებს ქვეყნის ცივილიზებული განვითარების არჩევანიდან გადახვევას, აცხადებენ აქციის მონაწილეები.
Sputnik

თბილისი, 9 აპრილი – Sputnik. ფუძნდება „საქართველოს მარადისობის დღე“, ანუ ხალხის დღე. წელიწადში ერთხელ ამ დღეს შესაძლებელი იქნება, რომ ხალხი გამოვიდეს და დააფიქსიროს თავისი აზრი, განუცხადა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი") „დედაენის“ ბაღში აქციაზე შეკრებილ მოსახლეობას.

„მდუმარე აქცია“, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გია გაჩეჩილაძეა, დღეს ევროპის მოედნიდან დაიწყო, საიდანაც აქციის მონაწილეებმა საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლეს, შემდეგ კი „დედაენის“ ბაღში შეიკრიბნენ. როგორც გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, აქცია მშვიდობიანია და მასში არ მონაწილეობენ პოლიტიკოსები.

თბილისში დღეს „მდუმარე აქცია“ გაიმართება

აქციაზე სიტყვით მხოლოდ გაჩეჩილაძე გამოვიდა. მან ისაუბრა საქართველოს მთავარ ღირებულებებზე და ასევე აღნიშნა, თუ რა როლს ასრულებს ქვეყანაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე.

მისი თქმით, ყველა ვართ მოწმე იმისა, თუ როგორ ესხმიან თავს პატრიარქს და ყველაფერს, რაც წმინდაა საქართველოში – ოჯახს, სტუმარს, ისტორიას, ტრადიციებს, ავტორიტეტებს, ეკლესიას... მისი თქმით, ეს ყველაფერი გაერთიანებულია პატრიარქში და სწორედ ამიტომ ებრძვიან მას.

შეკრებაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც იზიარებენ „უცნობის“ იდეას, რომ სიმბოლურად, 9 აპრილს დაფუძნდეს „საქართველოს მარადისობის დღე“. „დედაენის ბაღში“ განთავსდა რამდენიმე ბანერი, რომელსაც მოქალაქეები აწერენ ხელს და ამით ისინი აცხადებენ თანხმობას, რომ ხდებიან საქართველოსა და ქართველი ხალხის მარადისობის დღის დამფუძნებლები.

გია გაჩეჩილაძე: ყველამ უნდა დაინახოს, რომ სხვა საქართველოც არსებობს>>

აქციის მონაწილეების შეფასებით, დესტრუქციული ძალები და მათ მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები მოქმედებენ ყოველგვარი სამართლებრივი თუ ეთიკური წესის გარეშე და ემსახურებიან ძალაუფლების ხელში ჩაგდების საშიშ და მავნებლურ ამოცანებს. შეკრების ინიციატორების განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ორგანიზებული საზოგადოებრივი ძალის შექმნაა, რომელიც საკუთარ თავზე აიღებს სამოქალაქო კონტროლს.

„მოვითხოვთ: ხელისუფლებამ შეასრულოს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და უზრუნველყოს წესრიგი, კანონის უზენაესობა, მშვიდობა და თითოეული ადამიანის ღირსების დაცვა", – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც შეკრების ორგანიზატორები აცხადებენ, მსვლელობაში მონაწილეობას ასევე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ადამიანები იღებდნენ.

გია გაჩეჩილაძე ადრეც აქტიურად იყო ჩართული ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში. ის გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ და მხარს უჭერდა თავის ძმას, პოლიტიკოს ლევან გაჩეჩილაძეს 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. „უცნობის" ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პროექტია „საკანი ნომერი 5", სადაც ის რვა თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მოითხოვდა სააკაშვილის გადადგომას. მასთან „ციხეში პაემნებზე" მიდიოდნენ მაშინდელი ოპოზიციონერები და პირდაპირ ეთერში ქვეყანაში არსებულ ვითარებას განიხილავდნენ.