თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ ზონაში სამუშაოების განხორციელების გადაწყვეტილება თბილისის მერიამ სპეციალისტთა ჯგუფთან და გერმანელ ინჟინერ-გეოლოგებთან ერთად მიიღო, განაცხადა ვიცე-მერმა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერი კახა კალაძე თავის მოადგილესთან და კონტრაქტორი კომპანიის დირექტორთან, პაატა ტრაპაიძესთან ერთად მაჭავარიანის ქუჩაზე მეწყრულ ზონაში მიმდინარე საპრევენციო სამუშაოებს გაეცნო. ვიდეოჩართვაში მერმა სთხოვა ბენდელიანსა და ტრაპაიძეს, აცნობონ მოქალაქეებს, რა ვითარებაა ამჟამად მაჭავარიანის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„პირველ ეტაპზე დავიწყეთ მიწის მასის მოჭრა, რომლის მიზანი იყო მეწყერული ტანის შემსუბუქება, რათა დატვირთვა მოგვეხსნა. ასევე პარალელურ რეჟიმში დავიწყეთ ცემენტიზაციის სამუშაოები, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული მოწყობილობებით ხდება სიღრმეში ჭაბურღილების გაკეთება და, შესაბამისად, ამ სპეციალური ხსნარით შევსება, რომლის მიზანია წინაღობის შექმნა, ხახუნის გაძლიერება, რათა ამ მასის გადაადგილება კიდევ უფრო შემცირდეს“, - განმარტა ბენდელიანმა.
თავის მხრივ, ტრაპაიძემ განაცხადა, რომ ყველა სამუშაო, რომელიც მეწყრულ ზონაში ხორციელდება, ათწლეულების განმავლობაში წარმატებით აპრობირებულია დასავლეთის ქვეყნებში.
„ეს არ არის ახალი გამოგონება, ჩვენ ვმოქმედებთ მსოფლიოში გამოცდილი მეთოდით. ამ ეტაპზე მივაღწიეთ დროებით სტაბილურობას, დაწყებულია სრული მოდელირება წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტთან ერთად. პროცესში ჩართულები არიან ჩვენი გერმანელი მეგობრები, ინჟინერ-გეოლოგები, რომლებიც ჩვენთან თანამშრომლობენ ბოლო 5 წლის განმავლობაში“,- აღნიშნა პაატა ტრაპაიძემ მერთან საუბრისას.
კალაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს. მაგრამ მან აღნიშნა, რომ თუ ასეთი აუცილებლობა დადგება, თბილისის მერია ამის შესახებ მაშინვე აცნობებს ადგილობრივ მცხოვრებლებს და საზოგადოებას.
დღეს დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტისა და სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრის ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ეჭვი ეპარებათ, რომ ამ სამუშაოებს მეწყრის შეჩერება შეუძლია.
მაი თქმით, კონტრაქტორი კომპანია, რომელიც მერიის დაკვეთით სამუშაოებს ასრულებს, არ ფლობს ყველა საჭირო ინფორმაციას მეწყრული პროცესის შესახებ და, შესაბამისად, საბურღი და ჩაცემენტების სამუშაოები არასწორად შეიძლება წარიმართოს.
კვლევის შედეგებით, ვაშლიჯვარი–ნუცუბიძის ფერდობზე 18 მეტრამდე სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე დღე-ღამეში დაახლოებით ხუთი სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზით, ჭარბი ნალექისა და მიწისძვრის შემთხვევაში ფერდობიდან შეიძლება 800 ათასი კუბომეტრი მიწის მასა დაიძრას. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ფერდი ძალიან დახრილი არაა, დიდი მასის გამო ის საკმაოდ მაღალი სიჩქარის იქნება იმისთვის, რომ ჯერ გზისკენ, შემდეგ კი მდინარისკენ დაეშვას.
კვლევის თანახმად, მეწყერი, სავარაუდოდ, მოიცავს მაჭავარიანის ქუჩას, გელოვანი-მაჭავარიანის ქუჩის დამაკავშირებელ მშენებარე გზატკეცილს, ბროწეულის და გელოვანის ქუჩებს.
მეწყრული პროცესები თბილისში – რა დაადგინეს სპეციალისტებმა>>
გარდა ამისა, ექსპერტების ვარაუდით, თუ მეწყერი მთის ზედა ნაწილში კიდევ ერთ მეწყერს წარმოშობს, მისი ჩამოწოლა უფრო მძიმე შედეგებს გამოიწვევს.