სოფელ დიდ ჯიხაიშში აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება

კოლეჯში პროფესიული განათლების მიღება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის როგორც იმერეთის რეგიონიდან, ისე მთელი საქართველოდან
Sputnik

 

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებულ ისტორიულ პროფესიულ სასწავლებელს სრული რეაბილიტაცია უტარდება, ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს

იმერეთში ახალი პროფსასწავლებელი შენდება

უწყების ცნობით, სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება და რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 5,6 მლნ ლარია.

სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

განახლებული, თანამედროვე ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვილი კოლეჯი მსურველებს ძირითადად, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს.

სამინისტროს ცნობით, დიდი ჯიხაიშის კოლეჯის რეაბილიტაციის პროცესში, სამინისტროსთან ერთად აქტიურადაა ჩართული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. აღნიშნული დაწესებულება 2016 წლიდან ტექნიკური უნივერსიტეტის დაქვემდებარებაშია. 

ზოგადი განათლების მოდელის გაუმჯობესება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი გახდება

მას შემდეგ, რაც საქართველომ პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონი მიიღო, ქვეყანაში მნიშვნელოვნად განვითარდა პროფგანათლების სხვადასხვა მიმართულება. კერძოდ, გაძლიერდა სასწავლო დაწესებულებების ქსელი, დამტკიცდა პროფსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ახალი სტანდარტები, განვითარდა მოზრდილთა სწავლების მიმართულება, სამეცნიერო ინფრასტრუქტურა დაუახლოვდა საერთაშორისო სტანდარტებს, პროფგანათლების სფეროში გაიზარდა დამსაქმებლების ჩართულობა. 

15-წლიანი პაუზის შემდეგ სისტემამ სტუდენტებს პირველად შესთავაზა პროფგანათლებასთან ერთად სრული საშუალო განათლება და უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება.

ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროფგანათლების სისტემის მართვის ახალ მოდელზე. დაწყებულია მუშაობა ასევე საერთაშორისო დონის პროფსკოლების პროექტებზე, რომლებშიც ქართველ სტუდენტებთან ერთად უცხოელებიც ისწავლიან. მაგალითად, ღვინისა და კულინარიის სკოლა კახეთში, ტურიზმის სკოლა დუშეთში, საინჟინრო მიმართულების სკოლა თბილისში. კოლეჯების ქსელის აქტიური განვითარება მიმდინარეობს მარნეულში, კასპში, ხაშურში, ბორჯომში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ახალქალაქში, ბათუმსა და წყალტუბოში.