საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია: მეწარმეები ოპტიმიზმს არ კარგავენ

2021 წლის პირველ კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ბიზნეს-მოლოდინი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის დადებითია
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისისა და სირთულეების მიუხედავად, ბიზნესი ოპტიმისტურადაა განწყობილი, აღნიშნულია საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის (BAG) კვლევაში.

საქართველოს ბიზნეს-ასოციაცია 2009 წელს დაფუძნდა და ქვეყნის 70 წამყვან კომპანიას აერთიანებს. მათ შორის არიან ბანკები, ავტოგასამართი სადგურების ქსელები, სააფთიაქო ქსელები, სამშენებლო კომპანიები, კომუნიკაციის კომპანიები, ასევე მსხვილი სუპერმარკეტების ქსელები.

საქართველოში ეკონომიკის ვარდნის ტემპი შემცირდა – მონაცემები

კვლევის თანახმად, 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა BAG საქმიანი კლიმატის ინდექსი, რომელიც წარმოადგენს ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის საბალანსო მნიშვნელობების ტრანსფორმირებულ საშუალოს.

აღნიშნულ პერიოდში ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა გააუმჯობესეს როგორც მიმდინარე მდგომარეობის, ისე მოლოდინის შეფასება. თუმცა, მიუხედავად გაუმჯობესებისა, მიმდინარე მდგომარეობა კვლავ ნეგატიურია. ამავე დროს ბიზნესი ინარჩუნებს დადებით მოლოდინს, რომელიც მნიშვნელოვნად - 34 პუნქტით გაუმჯობესდა.

BAG-ის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გადანაწილდა ოთხ სექტორში: ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა.

მსოფლიო ბანკი 2021 წელს საქართველოს ეკონომიკის 4%-იან ზრდას ვარაუდობს

2021 წლის I კვარტალში სექტორებს შორის BAG ბიზნეს-კლიმატის მაჩვენებელი, მშენებლობის სექტორის გარდა, ყველა სექტორისთვის დადებითია. ეს უკავშირდება სამშენებლო სფეროში მიმდინარე სიტუაციის ნეგატიურ შეფასებას. მიმდინარე სიტუაცია ასევე ნეგატიურადაა შეფასებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორების მიერ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება ყველა სექტორში, გარდა სამშენებლო სექტორისა, გაუმჯობესდა.

2021 წლის პირველ კვარტალში მომდევნო ექვსი თვის ბიზნეს-მოლოდინი ყველა სექტორისთვის დადებითია. ამ პერიოდში განსაკუთრებით ოპტიმისტური განწყობა შეინიშნება მომსახურებისა და ვაჭრობის სფეროებში, რაც უნდა უკავშირდებოდეს შეზღუდვების შემსუბუქებას.

დასაქმების ბარომეტრი

BAG დასაქმების მაჩვენებელი, რომელიც ასახავს მომდევნო სამი თვის განმავლობაში ასოციაციის წევრთა შორის დასაქმების დონის მოსალოდნელ ცვლილებას, 2021 წლის პირველ კვარტალში დადებითი იყო და 14,7 ქულა შეადგინა. შესადარებლად, 2020 წლის პირველ კვარტალში BAG-ის წევრ საწარმოებს დასაქმების მიმართ უარყოფითი მოლოდინი ჰქონდათ, ამიტომ დასაქმების ბარომეტრი უარყოფითი, -47,7 ქულა იყო.

რაზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიზნეს–ასოციაციის წარმომადგენლებს

ბიზნეს-ასოციაციის გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დასაქმების მაჩვენებელი ყველაზე მეტად სამშენებლო სფეროში გაუმჯობესდა. გამოკითხული კომპანიების 30,8% თანამშრომლების რიცხვის გაზრდას გეგმავს.

ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გამოკითხული სამშენებლო კომპანიების 80% თანამშრომლების შემცირებას გეგმავდა, მაშინ, როცა დღეს ასეთი გეგმები არავის აქვს.

გარდა ამისა, გამოკითხული კომპანიების 28,9% ფიქრობს, რომ 2021 წლის მეორე კვარტალში, 2021 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, თანამშრომლების რიცხვს გაზრდის, 9,6% კი ფიქრობს, რომ შეამცირებს. კომპანიების უმრავლესობა (61,5%) არ აპირებს დასაქმებულთა შემცირებას.

ინვესტიციები

2021 წელს ინვესტიციების გაზრდას გეგმავს კომპანიების 51%. ამასთან, რესპონდენტების მხოლოდ 11% ვარაუდობს შემცირებას. ასოციაციის ანალიტიკოსთა აზრით, ეს მიუთითებს წელს საინვესტიციო აქტივობის მოსალოდნელ ზრდაზე, მაგრამ ჯერ კიდევ ჩამორჩება პანდემიამდე არსებულ ტემპებს.

2020 წელს პანდემიის გავლენა ყველა სექტორს დაეტყო. ვაჭრობის სფეროში რესპონდენტების 44%-მა განაცხადა, რომ 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს ინვესტიციები შემცირდა. სამშენებლო, მომსახურებისა და მრეწველობის სფეროებში ამ მაჩვენებელმა, შესაბამისად, 36%, 34% და 6% შეადგინა.

დაზუსტდა 2020 წელს საქართველოში ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი

ინვესტიციების შემცირების ტენდენცია წელს შერბილდება. რესპონდენტების ნახევარზე მეტი გეგმავს ვაჭრობაში დაბანდების გაზრდას. მსგავსი სიტუაციაა სამრეწველო და მომსახურების სექტორებში.

გამოკითხვა 2021 წლის პირველი კვარტლის შუა პერიოდში ჩატარდა, როდესაც ბიზნესის მოლოდინი განსაკუთრებით პოზიტიური იყო ეკონომიკური შეზღუდვების შერბილების ფონზე. თუმცა შეზღუდვების მორიგი გამკაცრების შემთხვევაში მიმდინარე გეგმების ცვლილებაა მოსალოდნელი.

მაგალითად, 2019 წლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 59% გეგმავდა 2020 წელს ინვესტიციების გაზრდას. თუმცა პანდემიის პირობებში 2020 წელს ინვესტიციები რესპონდენტების მხოლოდ 35%-ს გაეზარდა, ნათქვამია ასოციაციის შეფასებაში.