COVID-19 სასწავლო დაწესებულებებში: განათლების სამინისტრო განმარტებას აკეთებს

ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს.
Sputnik

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მასწავლებელთა და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს დაუდასტურდა, განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ეკატერინე დგებუაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

გურიის რეგიონის რამდენიმე სკოლა და საბავშვო ბაღი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადადის

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვლის დასაწყისიდან საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სავალდებულო ტესტირება მიმდინარეობს.

გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით COVID-19 მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.

დგებუაძის ინფორმაციით, ამჟამად 2085 საჯარო სკოლიდან სრულ დისტანციურ სწავლებაზე 52 საჯარო სკოლა და 121 ცალკეული კლასია გადასული, ხოლო 218 კერძო სკოლიდან – ორი სკოლა და 17 ცალკეული კლასი.

„როგორც წესი, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება, რის შემდეგაც აღნიშნული სკოლები ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის შესაბამისად იმოქმედებენ“, – განაცხადა დგებუაძემ. 
განათლების სამინისტრო აჭარის რეგიონში სკოლების მონიტორინგს აგრძელებს

რაც შეეხება რისკ-ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობას, რომლებმაც დისტანციური სწავლების თხოვნით სკოლას თავად მიმართეს და შეღავათი გაეწიათ, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ქვეყნის მასშტაბით მათი რაოდენობა 91-ს შეადგენს.

ეკატერინე დგებუაძე ინფიცირებულთა რიცხვის მატებას საგანგაშოდ მიიჩნევს და თითოეულ მოქალაქეს მოუწოდებს, ზედმიწევნით დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლი, რათა მოსწავლეებმა 2020-2021 წლის მეორე სემესტრის დასრულება სკოლის შენობაში შეძლონ.

როგორც დგებუაძემ აღნიშნა, შემთხვევით შერჩევის პრინციპით სამინისტროს პირველი პირები და რესურს-ცენტრები სკოლებში კვლავ სისტემატურ მონიტორინგს განახორციელებენ. ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ უწყვეტად გაგრძელდება პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა ტესტირება.

15 თებერვლიდან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ I-XII კლასის მოსწავლეები თავიანთ მერხებს დაუბრუნდნენ. V-XII კლასების მოსწავლეებისთვის სკოლის ტერიტორიაზე პირბადის ტარება სავალდებულოა.