სამსონ ხონელი
პესიმისტების პროგნოზი გამართლდა. ოპტიმისტები იხტიბარს არ იტეხენ, უკეთესი მომავლის მოლოდინში არიან. საინტერესოა, რას ფიქრობენ რეალისტები? არ გამიკვირდება, მკითხველმა ბრძანოს − მომდევნო სტრიქონები კონკრეტიკას დაუთმე! რა გაეწყობა, მოწოდებას ყურად ვიღებ და განვაგრძობ თხრობას.
მარტის მესამე დეკადიდან მოყოლებული ეროვნული ვალუტა დაღმა ეშვება. ბოლო ათი დღის განმავლობაში ლარი შვიდი თეთრით გაუფასურდა. ახალი ნიშნული, რომელზეც ეროვნული ვალუტა ამ დღეებში მერყეობს, ლარის მეოთხედსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში მორიგი ისტორიული ანტირეკორდია. ახალ-ახალი „სიმაღლეების დაპყრობით“ ეროვნული ვალუტა უკვე რამდენიმე წელია გვანებრივებს და აღარც ის გვიკვირს, რომ ხშირად მომდევნო დღეს, ლარის კურსის შემხედვარეს, წინა დღე შედარებით ტკბილად გვახსენდება. ასე თანდათან ვიქეცით ეროვნული ვალუტის „მიღწევების“ მემატიანეებად. საინტერესოა, ამჯერად რა მოხდა, რამ მისცა ბიძგი ლარის სწრაფი ტემპით გაუფასურებას, ეს პროცესი დროებითია თუ საშუალო- და გრძელვადიან პერიოდშიც გაგრძელდება?
ანალიტიკოსთა დიდი უმრავლესობის შეფასებით, ლარის გაუფასურება მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქული ლირის კურსი დაეცა. მეზობელ სახელმწიფოში ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ადგილობრივი მედია, ექსპერტების შეფასებებზე დაყრდნობით, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიერ 20 მარტს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებას უკავშირებს. ნაჯი აგბალის მოხსნის განკარგულებას თურქეთის პრეზიდენტმა შაბათს, მას შემდეგ მოაწერა ხელი, რაც ნაჯი აგბალმა საპროცენტო განაკვეთის 17 პროცენტიდან 19 პროცენტამდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ფაქტია, რომ მარტის თვის მეორე დეკადის მიწურულს, ვიდრე ნაჯი აბგალს თანამდებობიდან გაათავისუფლებდნენ, ერთი ამერიკული დოლარი 7.26 ლირა ღირდა, უკვე ერთი კვირის შემდეგ კი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 7.98 ლირას გაუტოლდა.
ამერიკულ დოლართან მიმართებაში პოზიციები დათმეს ჩვენი მეზობელი სხვა სახელმწიფოების ეროვნულმა ვალუტებმაც. მცირედით გაუფასურდნენ რუსული რუბლი და სომხური დრამი. გამონაკლისია აზერბაიჯანული მანათი, რომელიც დღემდე მყარ პოზიციებს ინარჩუნებს. ჩვენ ჩვენი მკვდარი ვიტიროთ, წარუმატებლობის მიზეზის მუდმივად სხვაგან ძიებას, ეგება საკუთარ თავშიც ვეძიოთ? − მიმანიშნებს მკითხველი და, რა გაეწყობა, ვეცდები ლარის გაუფასურების შესაძლო შიდა ფაქტორებზეც მოგახსენოთ.
ანალიტიკოსთა ერთი ნაწილის შეფასებით, პირველი კვარტლის ბოლოს ეროვნული ვალუტის გაუფასურება არანაირ კავშირში არ არის თურქული ლირის, რუსული რუბლისა თუ სომხური დრამის გაუფასურებასთან. „დაახლოებით ერთი თვის წინ ვაცხადებდი, რომ მარტის თვის ბოლოს ლარი გაუფასურებას დაიწყებდა. რატომ? აპრილის თვის პირველ რიცხვებში ქვეყანამ საგარეო ვალის ნაწილი, დაახლოებით მეოთხედი მილიარდი დოლარი უნდა გაისტუმროს და ძალიან ადვილად პროგნოზირებადი იყო, რომ ვალის გასტუმრების წინა პერიოდში დოლარზე მოთხოვნა გაიზრდებოდა. ასეც მოხდა.
ამ მომენტისთვის ეროვნული ვალუტის კურსზე გავლენა არც რეფინანსირების განაკვეთის საპროცენტო მაჩვენებელს ჰქონდა, 7 პროცენტი იქნებოდა ის თუ 10 პროცენტი, ამით ლარის კურსთან მიმართებაში არსებითად არაფერი შეიცვლებოდა, ეს მხოლოდ ინფლაციის მაჩვენებელზე აისახებოდა. რაკი ინფლაცია ვახსენე, ისიც უნდა ითქვას, რომ 2010 წლიდან დღემდე სამომხმარებლო ფასების ინდექსი 120 პროცენტით გაიზარდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას თავს ვერ ართმევს. ახალი არ არის, რომ წლების განმავლობაში ვაკრიტიკებდი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და
მონეტარულ პოლიტიკას, მთავრობის ეკონომიკური გუნდის პოზიციას. არ შეიძლება ტურიზმი ქვეყნის ეკონომიკის პრიორიტეტად აქციო, ლარი ემიგრანტების შრომას ჩამოკიდო“, – აცხადებს ფინანსისტი ნიკა შენგელია. მისი თქმით, თუ უახლოეს დღეებში ბიზნესი ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციას არ იგრძნობს, უახლოეს დღეებში ფასების გაძვირება გარდაუვალი იქნება. ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ბიზნესისთვის დამღუპველი ეფექტი აქვს. ლარის კურსი მცირე და საშუალო ბიზნესს კი არა მსხვილ ბიზნესსაც ისე ურტყამს, რომ უკვე გაუსაძლისია. უსწრაფესად უნდა მოხდეს რაღაც ნიშნულზე მისი დასტაბილურება.
ამასობაში, როგორც ბიზნესმენთა ერთი ნაწილი აცხადებს, დღევანდელ მოცემულობაში ლარის კურსის გასაუმჯობესებლად წინაპირობები არ არსებობს და არ არის გამორიცხული, ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდეს.
„მძიმე ვითარებაში, როცა ეროვნული ვალუტის სტაბილურობის ხუთი ძირითადი ფაქტორიდან (უცხოური ინვესტიციები, ტურიზმი, ექსპორტი, ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან და კრედიტები) ოთხი ფაქტობრივად გაჩერებულია, ქვეყანაში კი მორიგი „ლოკდაუნის“ პროგნოზი კეთდება, არ არის გამორიცხული, ლარის კურსმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში ოთხსაც მიუკაკუნოს“, − განაცხადა ბიზნესმენმა ლევან ყარალაშვილმა.
შეეძლო თუ არა ეროვნულ ბანკს ლარის მორიგი გაუფასურების თავიდან აცილება? 2021 წლის დასაწყისიდან დღემდე ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარს სულ 160 მილიონი ამერიკული დოლარი მიაწოდა. ფაქტია, ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის შესაჩერებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ამ ვითარებაში, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის მოსაზრებით, კობა გვენეტაძის უწყებამ კიდევ უფრო უნდა იაქტიუროს.
„ბიუჯეტისა და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხილვისას ვთქვი, რომ ბიუჯეტის მაღალი დეფიციტის პირობებში ეროვნულ ბანკს მეტი ინტერვენციების გაკეთება და რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა მოუწევდა. ეროვნულმა ბანკმა მის ხელთ არსებული ორივე ინსტრუმენტი გამოიყენა და მომავალშიც მოუწევს. მინდა გითხრათ, ეროვნული ბანკი უფრო მეტად თამამი და აქტიური უნდა იყოს ბაზარზე მოქმედებისთვის. მე ყოველთვის მოვუწოდებ ეროვნულ ბანკს, რომ ზოგჯერ წინმსწრებად იმოქმედოს, მოვლენების პროგნოზირება აკეთოს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები აიცილოს“, − განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიციას ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილიც იზიარებს. მისი თქმით, ამჟამად სავალუტო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ლარის გამყარება სწორედ რეზერვების გაყიდვის გზით უნდა მოხდეს. „მე არ ვიცი, რისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი რეზერვებს, როცა ახლა გვჭირდება“, − განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
ლარის სტაბილურობის სავალუტო რეზერვებით უზრუნველყოფის საკითხზე პროფესიულ და ანალიტიკურ წრეებში განსხვავებული მოსაზრებებიც არსებობს. ფინანსისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ეროვნული ბანკის მიერ გაღებული ინტერვენციები ეროვნულ ვალუტას ვერ ასტაბილურებს.
„ეს თანხა „გადაყრილი ფულია“. ორ კვირაში ერთხელ 40-40 მილიონი დოლარის გაღება იგივეა, წახვიდე და ეს ფული მტკვარში გადაყარო. ლარს არა ეროვნული ბანკის ინტერვენციამ, არამედ ეკონიმიკის ამუშავებამ უნდა უშველოს“, − აცხადებს ფინანსისტი დავით წიქარიძე.
„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, ეროვნული ვალუტის სტაბილურობა და მისი კურსის პროგნოზი შესაძლებელი იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც პოზიტიური ქმედებები დაიწყება ქართულ ეკონომიკაში.
ქართული ეკონომიკა ვახსენე და გეტყვით, „საქსტატის“ მონაცემებით, იანვრის რეკორდული, 11.5 პროცენტით შემცირების შემდეგ თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 5.1 პროცენტით შემცირდა. პროგრესი არის, თუმცა ადვილად დათვლადია, რომ ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობისთვის ეს ძალიან უმნიშვნელოა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ერთნიშნა შემცირება ორნიშნა ზრდამ უნდა ჩაანაცვლოს.
აქ ვაპირებდი წერტილის დასმას, როცა შევიტყვე, რომ ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი თანამდებობიდან გადადგა. არ განუმარტავს – რატომ. მხოლოდ მადლობებით შემოიფარგლა. მადლობის ადრესატები კი მრავლად იყვნენ. მომავალი ფინანსთა მინისტრის ნამდვილად არ მშურს, სხვა მრავალ გამოწვევასთან ერთად მას ხომ მოუწევს თვალი გაუსწოროს ეროვნული ვალუტის დევალვაციას...