რამდენადაა დაცული საქართველოში პერსონალური მონაცემები – სახელმწიფო ინსპექტორის ანგარიში

ფარული მიყურადება, თვალთვალი – ყველაფერი კანონიერად კეთდება თუ არა საქართველოში – ამის შესახებ პარლამენტს სახელმწიფო ინსპექტორი უამბობს.
Sputnik

თბილისი, 1 აპრილი – Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს ქვეყანაში 2020 წელს პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ანგარიში წარუდგინა.

საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა>>

საკმაოდ დიდი, 241-გვერდიანი დოკუმენტი დეტალურ ინფორმაციას შეიცავს ქვეყანაში პერსონალური მონაცემების მდგომარეობის, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ეროვნული ბანკის მხრიდან ელექტრონული კომუნიკაციების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული საქმიანობის კონტროლის, ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სისხლის სამართლის გამოძიებების შესახებ.

კიბერდანაშაულისთვის სასჯელი მკაცრდება

ანგარიშში აღნიშნულია, რომ, მიუხედავად პანდემიის მიერ შექმნილი ვითარებისა და შეზღუდული ადამიანური და ინფრასტრუქტურული რესურსებისა, ასევე იურიდიული და პრაქტიკული სირთულეებისა, რომელსაც სამსახური თავისი ფუნქციების შესრულებისას აწყდება, ყველა ამოცანა შესრულებულია.

ანგარიშში ცალ-ცალკეა წარმოდგენილი სამსახურის მიერ სამივე მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.

დოკუმენტში გაანალიზებულია პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის მდგომარეობა, საერთო ტენდენციები და სტატისტიკა, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისთვის მიღებული ზომები და მონაცემების დამუშავების პროცესების შესწავლის შედეგები. კერძოდ, ანგარიშში ასახულია პერსონალური მონაცემების მექანიზმი COVID-19-ის პანდემიის კონტექსტში საარჩევნო პროცესის დროს, ელექტრონულ ბაზებში, ფინანსურ სექტორში და სამართალმცველ ორგანოებში.

დაცულია თუ არა პერსონალური მონაცემები საქართველოში – თოლორაიას ანგარიში>>

ანგარიშის ძირითადი ნაწილი ეთმობა მონაცემებს არასრულწლოვანთა შესახებ და ვიდეოთვალთვალის სისტემებს. გარდა ამისა, მონაცემების დამუშავების პროცესის გასაუმჯობესებლად თითოეული თავი მოიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებისთვის.

  • „2020 წელს სამსახურმა გასცა 3129 კონსულტაცია, ჩაატარა 119 შემოწმება, გამოავლინა 123 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა 119 პირს, გასცა 237 დავალება და რეკომენდაცია, მოსაზრება წარადგინა 75-ზე მეტ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტი მოიცავს ინფორმაციას სასამართლოებისა და პროკურატურის დადგენილების საფუძველზე სატელეფონო საუბრების მიყურადების შესახებ.

„2020 წელს სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 997 შუამდგომლობა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შემოვიდა პროკურორის 107 დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერის თაობაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიმდინარე სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი გამოიყენა 116 შემთხვევაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ადამიანის უფლებების დაცვაში დიდი როლი ეკისრება – თოლორაია

ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება სერვისის უახლეს ფუნქციას – საგამოძიებო მიმართულებას. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების თავი აერთიანებს ინფორმაციას სამსახურის მიერ გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში საუბარია არა მხოლოდ მუშაობის შედეგებზე, არამედ ასევე ფაქტორებზე, რომლებიც ხელს უშლის მიზნის მიღწევას, დეტალურად არის აღწერილი საკანონმდებლო და პრაქტიკული პრობლემები, რომელთა გადაჭრა აუცილებელია ინსტიტუციონალურად დამოუკიდებელი, ძლიერი, ეფექტური, საზოგადოებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინსტიტუტის შესაქმნელად.