თბილისი, 31 მარტი – Sputnik. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი 31 მარტს, გამთენიისას თბილისიდან ბრიუსელში გაფრინდა.
დანიელსონი: ჩვენ მიერ მომზადებული დოკუმენტი არც ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ არ მიიღო>>
მისი მისია კვლავ შეუსრულებელი დარჩა. მისი შუამავლობით მოლაპარაკებების მეორე რაუნდი მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის ისევ უშედეგოდ დასრულდა – „ქართულმას ოცნებამ“ და ოპოზიციამ შვედი დიპლომატის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.
შვიდსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დანიელსონი ტრიბუნასთან კვლავ მიუღწეველი შეთანხმებით გამოვიდა. მისი თქმით, დოკუმენტი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შესთავაზეს, არც ერთმა მხარემ არ მიიღო.
დიპლომატმა, რომელიც ბრიუსელის მიერ თბილისში მეორედ იყო მოვლინებული პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზებისთვის, პირველი რაუნდის შემდეგ წარმოთქმული სიტყვები გაიმეორა: „პრეზიდენტ შარლ მიშელს გადავცემ, რაც ამ დღეებში მოხდა და შემდგომ ნაბიჯებზე გადაწყვეტილებას ის მიიღებს“.
მოლაპარაკებებს ხელისუფლების მხრიდან ესწრებოდნენ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
ოპოზიციას მოლაპარაკებებზე წარმოადგენდნენ სალომე სამადაშვილი, აკაკი მინაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხათუნა სამნიძე – „რესპუბლიკური პარტია“, გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, მამუკა ხაზარაძე – „ლელო საქართველოსთვის“, ზურა ჯაფარიძე – „გირჩი – მეტი თავისუფლება“, ალეკო ელისაშვილი – „მოქალაქეები“, გოჩა თევდორაძე – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
დანიელსონის პირველი ვიზიტი საქართველოში 12–19 მარტს გაიმართა. მეორედ ის ქვეყანაში შაბათს ჩამოვიდა კონკრეტული დოკუმენტის პროექტით, რომელიც საბოლოოდ მხარეებმა უარყვეს.
დანიელსონმა შეთავაზებულ დოკუმენტში შემდეგი მომენტები გამოყო: საარჩევნო სისტემის რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ხელისუფლების გადანაწილება. მან იმედი გამოთქვა, რომ მუშაობა ამ მიმართულებებით გაგრძელდება.
კრიზისი საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ამჟამად პარლამენტის სხდომებს მხოლოდ ექვსი ოპოზიციონერი დეპუტატი ესწრება.
საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი თვის შემდეგ ოპოზიციის ძირითადი ნაწილი კვლავ უარს აცხადებს არჩევნების შედეგების აღიარებაზე და ახალ კენჭისყრას მოითხოვს. ხელისუფლება ამ საკითხს „წითელ ხაზად“ განიხილავს, მიიჩნევს, რომ არჩევნების გაყალბების ბრალდება უსაფუძვლოა.
ოპოზიციის კიდევ ერთი მოთხოვნა ე.წ. პოლიტპატიმრების – „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის ნიკა მელიას და ტელეარხ „მთავარის“ თანამფლობელის გიორგი რურუას გათავისუფლებაა.