ქართველი ეპიდემიოლოგები აცრილ მოქალაქეებს რჩევებს აძლევენ

პირველი და მთავარი რეკომენდაცია მათთვის, ვინც უკვე აიცრა, არის ის, რომ მათ უნდა განაგრძონ პირბადის ტარება და დაიცვან დისტანცია.
Sputnik

თბილისი, 30 მარტი – Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრი აქვეყნებს რეკომენდაციებს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც უკვე ჩაიტარეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ცენტრი მათ სთხოვს, ისევ მისდიონ დადგენილ წესებს.

გაბუნია: საქართველო უახლოეს პერიოდში Sinopharm-ის ვაქცინას მიიღებს

პირველი და მთავარი რეკომენდაციაა – პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში, სულ მცირე ერთმეტრიანი დისტანციის დაცვა და მასობრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება. მოქალაქეებმა ასევე უნდა გაითვალისწინონ დადგენილი შეზღუდვები მოგზაურობის დროს, ხოლო ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გაჩენისთანავე ჩაიტარონ ტესტი კორონავირუსზე.

ამ დროისთვის ბრიტანულ–შვედური კომპანია AstraZeneca-ს ვაქცინით საქართველოში აცრილია 5 ათასზე მეტი მოქალაქე. 30 მარტიდან ვაქცინაცია დაიწყება Pfizer-ის პრეპარატითაც, რომლის პირველი პარტია (30 ათასამდე დოზა) ქვეყანაში გასულ კვირაში შემოვიდა.

აცრილი ადამიანებისთვის შესაძლოა წამახალისებელი ღონისძიებები დაიგეგმოს>>

საქართველოში ვაქცინაცია AstraZeneca-ს პრეპარატით 15 მარტს დაიწყო. თავდაპირველად აცრა უტარდებოდა მხოლოდ სამედიცინო პერსონალს, მაგრამ დაბალი აქტიურობის გამო 25 მარტიდან ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები ჩაერთვნენ.