„არ ააშენო! საშიში ზონაა!“: ვაშლიჯვრის მოსახლეობამ მორიგი  საპროტესტო აქცია გამართა

ადგილობრივი მოსახლეობა დღესაც ითხოვდა  კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებასა და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ალტერნატიული ჯგუფის შექმნას, სადაც ადგილობრივი მოსახლეობაც იქნება ჩართული.
Sputnik

თბილისი, 28 მარტი – Sputnik. ვაშლიჯვარში, თოფურიძის ქუჩასთან მდებარე ნანტის პარკში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია სლოგანით „გადავარჩინოთ ვაშლიჯვარი“ გამართა.

15 მარტს თბილისის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ ვაშლიჯვარი-ნუცუბიძის დამაკავშირებელ, „მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა“. ფერდობზე 18 მეტრზე მეტი სიღრმის ნაპრალები გაჩნდა, რომელთა სიგანე ყოველდღე 5 სანტიმეტრით იზრდება. გეოლოგების პროგნოზებით, მიწისძვრისა ან უხვი ნალექის შემთხვევაში (ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მებისმიერი ვიბრაციის გამოც) ფერდობზე ჩამოიშლება დაახლოებით 500 ტონა მიწა, რაც ამ ტერიტორიის ქვემოდ მცხოვრებ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის.

„არ ააშენო! საშიში ზონაა!“: ვაშლიჯვრის მოსახლეობამ მორიგი  საპროტესტო აქცია გამართა

„დღევანდელი აქციის მოთხოვნებია, ვაშლიჯვარში მშენებლობაზე გამოცხადეს მორატორიუმი, რადგან ეს საფრთხეს უქმნის ჩვენს სიცოცხლეს. ასევე, მეწყერთან დაკავშირებით ვითხოვთ დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის შექმნას და მასში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლების ჩართვას“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, რუსუდან ფანოზიშვილმა.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები ასევე ითხოვენ ესტაკადის მშენებლობის შეჩერებას, ვაშლიჯვარში არსებული ვითარების შესწავლას და დასკვნების გასაჯაროებას, რათა მოსახლეობა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყოს.

რუსუდან ფანოზიშვილის თქმით, ვაშლიჯვარში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მოსახლეობამ მერიაში პეტიციაც შეიტანა, რომელსაც მხარს 5 ათასამდე ადამიანი უჭერს. უწყებას მოსახლეობის პეტიციაზე რეაგირება ჯერ არ მოუხდენია.

„თავზე ბომბი გვადგას“: ვაშლიჯვრის მოსახლეობა ალტერნატიულ საცხოვრებელს ითხოვს

მომიტინგეები აქციაზე მივიდნენ პლაკატებით - „გადავარჩინოთ თბილისი“, „თბილისი გვენგრევა თავზე“, „არ ააშენო! საშიში ზონაა“.

ვაშლიჯვარში ანალოგიური მოთხოვნით აქცია მოსახლეობამ გუშინაც გამართა.

მერიაში აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც უცხოელი და დამოუკიდებელი ექსპერტებიც მონაწილეობენ, დიდი ხანია შეიქმნა, ხოლო მომავალი კვირის ბოლოს მეწყრულ ზონაში 24-საათიანი მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება. პანიკისა და მოსახლეობის ევაკუაციისთვის საფუძველი არ არსებობს, აცხადებენ მერიაში.

საქართველოში მოწვეულ გერმანელ გეოლოგებთან ერთად უკვე მიღებულია გადაწყვეტილება აღნიშნულ ტერიტორიაზე კონკრეტული სამუშაოების დაწყების შესახებ - გაკეთდება დროებითი წინაღობა, მეწყრულ ადგილზე მოეწყობა უსაფრთხო მისასვლელი გზები, გარკვეულ უბნებზე მოიჭრება მიწის მასები და ტერასული სამუშაოები ჩატარდება. სულ ამ სამუშაოებისთვის 7 მილიონი ლარი დაიხარჯება. გარდა ამისა, გადაუდებელი შემთხვევისთვის მერიაში ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მერია ახორციელებს მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას. გარდა ამისა, მაჭავარიანის გზის გასწვრივ და ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსების აქტიური მშენებლობა მიმდინარეობს.

ბენდელიანი: ვაშლიჯვრის მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ არის

ამ დროისათვის საგზაო სამშენებლო სამუშაოები მხოლოდ უსაფრთხო ზონაში - გელოვანის ნაწილში გრძელდება.

მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, 16 მარტიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა გაურკვეველი ვადით ორმხრივად შეიზღუდა.