თბილისი, 26 მარტი – Sputnik. კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს შემქმნელებმა უპასუხეს საფრანგეთის პრეზიდენტის ფილიპ ემანუელ მაკრონის განცხადებას ახალი ტიპის „ვაქცინების მსოფლიო ომის“ შესახებ, იუწყება РИА Новости.
პრეზიდენტი იზოლაციაშია: ემანუელ მაკრონს COVID-19 დაუდასტურდა>>
საფრანგეთის ლიდერმა განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატები გავლენის ინსტრუმენტებად გამოიყენონ. მან ევროპის ქვეყნებს ვაქცინის წარმოებაში დამოუკიდებლობისკენ მოუწოდა.
„ძვირფასო ემანუელ მაკრონ, ვცდილობთ, რომ ვაქცინა პოლიტიკის მიღმა დარჩეს – ესაა ჩვენი საუკეთესო იმედი მშვიდობისა მთელ მსოფლიოში, და არა ომისა“, – ასეთი კომენტარი გააკეთეს „სპუტნიკ V“-ს შემქმნელებმა ვაქცინის ოფიციალურ Twitter-აკაუნტში.
პოსტის ავტორებმა საფრანგეთს ასევე შესთავაზეს, შეუერთდეს იმ ქვეყნებს, რომლებმაც პრეპარატის საკუთარ ქვეყანაში წარმოება გადაწყვიტეს.
„სხვადასხვა ვაქცინის წარმოება – ესაა გზა ვაქცინის დამოუკიდებლობისკენ. ერთად უფრო ძლიერი ვართ“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.
მანამდე იტალიაში განაცხადეს, რომ განიხილავენ რუსული ვაქცინის ქვეყანაში შესაძლო წარმოების საკითხს.
მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არავის ახვევს თავს საკუთარ ქვეყანაში შექმნილ პრეპარატებს, მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ ვის ინტერესებს იცავენ ევროპის ხელისუფლებაში – მოქალაქეებისა თუ ფარმაკოლოგიური კომპანიების.
რუსეთში შექმნილია COVID-19-ის საწინააღმდეგო სამი ვაქცინა – „სპუტნიკ V“, რომელიც გამალეის ცენტრში შემუშავდა, „ეპივაკკორონა“ ნოვოსიბირსკის „ვექტორისგან“ და „კოვივაკი“, რომელიც შემუშავებულია ჩუმაკოვის სახელობის იმუნობიოლოგიური პრეპარატების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ.